შვეიცარიაში რეფერენდუმით სახის დაფარვის აკრძალვას დაუჭირეს მხარი

პუბლიკა

შვეიცარიაში მოსახლეობამ რეფერენდუმით საჯარო სივრცეში სახის დაფარვის აკძალვას დაუჭირა მხარი, მათ შორის, მუსლიმი ქალებისთვის ბურკისა და ნიქაბის ტარების აკრძალვას.

როგორც BBC წერს, აკრძალვას მხარი რეფერენდუმში მონაწილეთა 51.2%-მა დაუჭირა, 48.8% კი წინააღმდეგ წავიდა.

რეფერენდუმზე სახის დაფარვის საკითხი „შვეიცარიის სახალხო პარტიამ“ დააყენა და სპეციალური კამპანიაც წარმართა სლოგანით – „შევაჩეროთ ექსტრემიზმი“.

რეფერენდუმის გადაწყვეტილება ზოგადად სახის დაფარვას, მათ შორის, საპროტესტო გამოსვლების დროს ნიღბით სიარულის აკრძალვასაც ითვალისწინებს, თუმცა მისი ინიციატორი პარტიის კამპანიიდან გამომდინარე, მოსახლეობა ამ ინიციატივას „ბურკის აკრძალვით“ მოიხსენიებს.

შვეიცარიაში ყველაზე დიდი მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა კი რეფერენდუმს მათთვის „ბნელი დღე“ უწოდეს.

„დღევანდელი გადაწყვეტილება ძველ იარებს ხსნის, აღრმავებს უთანასწორობას. ეს არის მუსლიმი თემის გარიყვის გზავნილი“, – აცხადებს მუსლიმთა ცენტრალური საბჭო, რომელიც რეფერენდუმის შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

სახის დაფარვის აკრძალვას ეწინააღმდეგებოდა შვეიცარიის მთავრობა, რომელიც აცხადებდა, რომ მათი გადასაწყვეტი არაა, უკარნახონ ქალებს, რა ტანისამოსი ატარონ.

BBC-ის მიხედვით, ლუცერნის უნივერსიტეტის კვლევიდან ჩანს, რომ, რეალურად, ბურკას შვეიცარიაში თითქმის არავინ ატარებს, ნიქაბს კი – მხოლოდ 30-მდე ქალი, თუმცა შვეიცარიის 8.6-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 5% მუსლიმია. მათი უმეტესობა წარმოშობით თურქეთიდან, ბოსნიიდან და კოსოვოდან არის.

შვეიცარიაში ეს პირველი გადაწყვეტილება არაა, რომელიც მუსლიმ თემს შეეხო. 2009 წელს, ასევე რეფერნდუმში, მოსახლეობამ მხარი დაუჭირა მინარეთების აკრძალვასაც. მაშინდელი ინიციატივის ავტორიც მემარჯვენე „შვეიცარიის სახალხო პარტია“ იყო, რომელიც მინარეთებს „ისლამიზაციად“ აფასებდა.