სი ძინპინი ჩინეთის კომპარტიის გენერალურ მდივნად მესამე ვადით აირჩიეს

პუბლიკა

ჩინეთში დასრულდა კომუნისტური პარტიის ყრილობა, რომელზეც კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი სი ძინპინს. ის პარტიის გენერალური მდივანი მესამე ვადით გახდა და მას მომდევნო 5 წელი უხელმძღვანელებს.

როგორც Reuters წერს, სიმ ცენტრალურ კომიტეტში თავისი ერთგული თანამოაზრეებიც შეიყვანა. ამით სი ძინპინმა, რომელიც მაო ძედუნის შემდეგ, შეიძლება ითქვას, უკვე ყველაზე გავლენიან მმართველად იქცა, ძალაუფლება კიდევ უფრო განიმტკიცა.

ახალ ცენტრალურ კომიტეტში ყოფილი წევრებიდან ვეღარ მოხვდა რამდენიმე მათგანი, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ლი კეციანი, რომელსაც ლი ქიანგი ჩაანაცვლებს.

„ეს არის ისეთი ლიდერშიპი, რომელიც უფრო მეტად იზრუნებს იმაზე, რომ დაეხმაროს სი ძინპინს თავისი პოლიტიკური მიზნების მიღწევაში, ვიდრე დამოუკიდებლად გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომელიც მათ ქვეყნისთვის უკეთესაც მიაჩნიათ“, – ამბობს Reuters-თან ანალიტიკოსი დრიუ ტომპსონი.

სი ძინპინმა კი, რომლის დროსაც ჩინეთში მზარდი იყო იზოლაციონისტური პოლიტიკა, განაცხადა, რომ ჩინეთი მსოფლიოს კარს ფართოდ გაუღებს, გაატარებს დიდ რეფორმებს, რითიც მსოფლიოსთვისაც შექმნის ახალ შესაძლებლობებს.

კომუნისტური პარტიის ყრილობაზე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა ჩინეთის ყოფილი ლიდერი, 79 წლის ჰუ ჯინტაო, რომელიც დარბაზიდან მოულოდნელად გაიყვანეს. თუმცა ჩინეთის მმართველ პარტიაში ირწმუნებიან, რომ ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი არ გამხდარა.