„სიჩუმე = სიკვდილს“ - კამპანია, რომელიც შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას ეძღვნება

პუბლიკა

აივ დადებით პირთა სათემო ასოციაცია „ბროწეული“ მესამედ უერთდება „აივ დადებით პირთა გლობალური ქსელის“ ორგანიზებულ შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ მსოფლიო კამპანიას. 2020 წლის კამპანიის გლობალური გზავნილია: „არავინ დატოვო ჯანმრთელობის სერვისების მიღმა“.

COVID-19-ის პანდემიის ფონზე შიდსიც გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს ასოციაცია „ბროწეული“ შიდსის პანდემიის მსხვერპლთა მოსაგონრად და აივ დადებით პირთა სოლიდარობისთვის 11-18 მაისს ონლაინ კამპანიით „სიჩუმე=სიკვდილს“ ეხმიანება.

კამპანიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადაიღონ ფოტო ბროწეულით და დაურთონ ჰეშთეგები: #არავინდატოვომიღმა  #candlelightmemorial2020 #leavenoonebehind

ასოციაცია ასევე აქვეყნებს ანგარიშის ნომერს, რომელზე ჩარიცხული თანხაც აივ დადებით პირთა სათემო ცენტრის შექმნას მოხმარდება.

აივ ინფიცირებულთა თემმა ამ დღის აღნიშვნა 1983 წლიდან დაიწყო, ყოველწლიურად მსოფლიოში ათასობით ღონისძიება იმართება სათემო ორგანიზაციების მიერ. ასოციაციის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება ცნობიერების ამაღლებასა და სტიგმა/დისკრიმინაციასთან ბრძოლას.

„შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე არის დრო, როდესაც იხსენებენ ადამიანებს, რომელთა სიცოცხლეც შიდსის ეპიდემიამ იმსხვერპლა“.

ასოციაცია „ბროწეულის“ ინფორმაციით, საქართველოში შიდსით 1 674 ადამიანი გარდაიცვალა.

„აივ ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვი ქვეყანაში 9 400 ადამიანის შეადგენს, მათმა 42%-მა ჯერ კიდევ არ იცის მისი აივ სტატუსი. გამოვლენილი 5 480 ადამიანია (58%), არვ (ანტი რეტრო ვირუსული) მკურნალობაზე 4597 (84%) იმყოფება, ვირუსული სუპრესია (არაგანსაზღვრადი ვირუსი) 4 070 (89%) აივ დადებით ადამიანს აქვს მიღწეული უფასო ანტირეტროვირუსული მედიკამენტების მიღებით. არაგანსაზღვრადი ვირუსი არაგადამდებია. მედიკამენტების ხელმისაწვდომობას ვირუსის გავრცელება მინიმუმამდე დაჰყავს. საქართველოში შიდსის მკურნალობის სერვისები ცენტრალიზებულია, კერძო მფლობელობაში არსებული კლინიკების მიერ. ანტირეტროვირუსული მედიკამენტების გაცემა მხოლოდ საქართველოში არსებულ 4 ინფექციური საავადმყოფოს მიერ ხდება, რაც მნიშვნელოვანი ბარიერია მედიკამენტებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე. აივ დადებით თემს ეზღუდება არჩევანის შესაძლებლობა“, – აცხადებს ასოციაცია „ბროწეული“.

მსოფლიოში 38 მილიონი აივ ინფიცირებული ცხოვრობს. როგორც ასოციაცია აცხადებს, შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე ემსახურება მნიშვნელოვან ინტერვენციას, გლობალური სოლიდარობას, სტიგმა/დისკრიმინაციით განპირობებული ბარიერების მსხვრევას და აძლევს იმედს მომავალ თაობას.