„სიცრუე და პროვოკაცია“ - პრემიერი სიუჟეტზე, რომელშიც ის აცრაზე დაარეგისტრირეს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში, სადაც „ქართული ოცნება“ მერობის კანდიდატს წარადგენს, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ღარიბაშვილი გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელევიზიის სიუჟეტს, რომელშიც ჟურნალისტმა მისი პირადი მონაცემების გამოყენებით პრემიერი აცრის მეორე დოზაზე დაარეგისტრირა.

პრემიერმა სიუჟეტს სიცრუე და პროვოკაცია უწოდა.

„ერთხელ ვარ აცრილი და მაქვს კიდევ რამდენიმე კვირა, არ არის გასული 28 დღე. ის, რომ ჩემი პირადი ნომრით, ჩემი ნებართვის გარეშე შედიან თქვენი თანამშრომლები და მართლაც ასეთ სიყალბეს ჩაიდენენ, არის სამარცხვინო საქციელი.

გაავრცელეს ინფომაცია, რომ მე ავიღე გაყალბებული კოვიდბარათი, ამის თაობაზე იუსტიციის სამინისტრომ განმარტა, რომ არის ჩვეულებრივი საინფორმაციო ბარათი, რომელიც ჩემი დავალებით იუსტიციის სამინისტრომ დაავალა და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ნებისმიერ დროს აიღოს.

ეს ბარათი შეიცავს ინფორმაციას ადამიანის შესახებ თუ იგი არის ვაქცინირებული, რამდენი დოზით, რამდენჯერ; ბოლო PCR ტესტის შედეგები და ჰქონდა თუ არა გადატანილი კოვიდი. ეს არის მარტივი საინფორმაციო ბარათი, რომელსაც დავარქვით კოვიდბარათი. სამწუხაროა, როდესაც ასეთი ტყუილებით შეგჰყავთ საზოგადოება სიცრუეში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

აღნიშნული სიუჟეტის გასვლის შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ პრემიერ-მინისტრის პირადი მონაცემების გამოყენების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ვაქცინაციის პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა სუბიექტის რეგისტრაციის პროცესის კანონიერების შემოწმება“, – წერია განცხადებაში.