სიძულვილის ენასა და პასუხის უფლებაზე კანონში ჩანაწერი მმართველ ძალას უკან მიაქვს

პუბლიკა

მმართველ საპარლამენტო ძალას უკან მიაქვს მათ მიერვე დეკემბერში მიღებული ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში. ჩანაწერი, რომელიც სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამების გავრცელებას ეხებოდა, ისევ იცვლება.

პროექტის მიხედვით, სრულად ხდება 521 ამოღება, რაც პასუხის უფლებას ითვალისწინებს.

კერძოდ, კანონიდან იღებენ დეკემბერში შეტანილ ჩანაწერს, რომ „დაინტერესებულ პირს, რომლის კანონიერი ინტერესებიც შეილახა მაუწყებლის პროგრამაში არასწორი ფაქტების გადაცემით, აქვს პასუხის უფლება…”.

ასევე იცვლება სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი ჩანაწერიც.

კერძოდ, დეკემბერში მიღებული ცვლილებების მიხედვით, მმართველი გუნდის ინიციატივით, კანონში ჩაიწერა, რომ:

„აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს—-, ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე”.

კანონპროექტის მიხედვით კი ეს ჩანაწერი ასე იცვლება:

„აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს — ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა. პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული სიძულვილის ენის შემცველად, მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო”.

ახალი კანონპროექტით, ასევე აუქმებენ მუხლს, რომელიც ამ ორი მუხლის დარღვევაზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებდა.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, მედიამომსახურების მიმწოდებლების მიერ სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და პასუხის უფლების დარღვევისთვის რეაგირებას აღარ მოახდენს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია.

კანონპროექტი ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ არის ინიციირებული და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, ვინაიდან დღეს მოქმედი რეგულაციის მიხედვით, პასუხისმგებლობის დაკისრების მუხლი 1 ივლისიდან ამოქმედდება.


„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დეკემბერში შეტანილი ცვლილებების ნაწილს მედია- და მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ და ამბობდნენ, რომ ის შეიცავდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებსა და გააუარესებდა მედიაგარემოს საქართველოში.

„კოალიცია პრობლემურად მიიჩნევს პასუხის უფლების შემოტანასა და სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების პროგრამისა და რეკლამის რეგულირებას. ორივე საკითხი ეხება შინაარსობრივი თვითრეგულირებაში შემავალი საკითხების რეგულირებაში გადატანას”, – ნათქვამია იყო მედიაკოალიციის განცხადებაში.