„სიძულვილით დაბრმავებული ხელისუფლება" - იონათამიშვილი ლომჯარიას შშმ პირების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებაში ადანაშაულებს

პუბლიკა

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 2021 წლის ანგარიში წარადგინა.

პრეზენტაციის დასრულების შემდგომ დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ ომბუდსმენმა ნიკა მელიას დაპატიმრების დროს შშმ პირთა მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენა.

„როდესაც თქვენ გიჭერდით მხარს, არ მეგონა, რომ ასეთ საკითხებზე შეიძლება ყოფილიყო საჭიროება რომ გვესაუბრა, მაგრამ ეს რომ არ აღვნიშნო, არ შეიძლება.

ჩვენ გვახსოვს, როდესაც ნიკა მელიას დაპატიმრება ხდებოდა თქვენ გააკეთეთ განცხადება, სადაც აღნიშნეთ, რომ საკუთარი მოქალაქეების სიძულვილით დაბრმავებულია ხელისუფლება. ეს არის თქვენი ფრაზა, ამ ფრაზით თქვენ, პირველი, ფიზიკური მდგომარეობა გამოიყენეთ სალანძღავ სიტყვად, ასევე სიძულვილის ენით გამოხვედით. ეს არის პირდაპირ სიძულვილის ენა შშმ პირთა მიმართ, რაც ახალისებს დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით და ასევე ხელს უწყობს სტერეოტიპებისა და სტიგმის ჩამოყალიბებას შშმ პირების მიმართ. ასევე თქვენ გამოხატეთ ფაქტობრივად თქვენი დამოკიდებულება როგორც შეზღუდული შესაძლებლობის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, „სახალხო დამცველი დუმდა“ და შესაბამისი განცხადებები არ გაუკეთებია მთელ რიგ შემთხვევებში, როცა ტელევიზიით შშმ პირების მიმართ დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის არაერთი მაგალითი ვრცელდებოდა.

„თქვენ თვითონაც იქამდე მიიღეთ მონაწილეობა რიტორიკაში, როდესაც სიძულვილით დაბრმავებული –  ეს გამოიყენეთ, აქ ხელისუფლებას არ მიაყენეთ პირველ რიგში შეურაცხყოფა , შეურაცხყოფა მიაყენეთ შშმ პირებს და მე ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ასე მოხდა, უბრალოდ ეს არის სამწუხარო აუცილებლობა რომ ამაზე განცხადება გავაკეთო“, – თქვა იონათამიშვილმა.