ვწუხვარ, რომ თქვენგან ასეთი საკითხებით პოლიტიკური მანიპულაცია ხდება - ლომჯარია იონათამიშვილს პასუხობს

პუბლიკა

„ბატონი რატი საუბრობდა, რომ სიძულვილით მოტივირებულ განცხადებებს აქვს ადგილი სახალხო დამცველის მხრიდანო. ბატონო რატი ეს სტანდარტი საერთოდ სახალხო დამცველის დადგენილია და ვერ მივიღებთ თქვენგან მით უმეტეს უსინათლოებთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნებს, იმიტომ, რომ რამდენიმე თვე ძალიან მძიმე კრიზისი იყო უსინათლოთა კავშირში, ერთადერთი ინსტიტუტი, ვინც ამ საკითხით დაინტერესდა და ჩაერთო და რეაგირება მოახდინა, საქართველოს სახალხო დამცველი იყო… მე ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენი მხრიდან ასეთი საკითხებით პოლიტიკური მანიპულაცია ხდება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ დეპუტატის რატი იონათამიშვილის პასუხად.

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 2021 წლის ანგარიში წარადგინა.

პრეზენტაციის დასრულების შემდგომ დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ ომბუდსმენმა ნიკა მელიას დაპატიმრების დროს შშმ პირთა მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენა.

„როდესაც თქვენ გიჭერდით მხარს, არ მეგონა, რომ ასეთ საკითხებზე შეიძლება ყოფილიყო საჭიროება რომ გვესაუბრა, მაგრამ ეს რომ არ აღვნიშნო, არ შეიძლება.

ჩვენ გვახსოვს, როდესაც ნიკა მელიას დაპატიმრება ხდებოდა, თქვენ გააკეთეთ განცხადება, სადაც აღნიშნეთ, რომ საკუთარი მოქალაქეების სიძულვილით დაბრმავებულია ხელისუფლება. ეს არის თქვენი ფრაზა, ამ ფრაზით თქვენ, პირველი, ფიზიკური მდგომარეობა გამოიყენეთ სალანძღავ სიტყვად, ასევე სიძულვილის ენით გამოხვედით. ეს არის პირდაპირ სიძულვილის ენა შშმ პირთა მიმართ, რაც წაახალისებს დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით და ასევე ხელს უწყობს სტერეოტიპებისა და სტიგმის ჩამოყალიბებას შშმ პირების მიმართ. ასევე თქვენ გამოხატეთ ფაქტობრივად თქვენი დამოკიდებულება როგორც შეზღუდული შესაძლებლობის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, „სახალხო დამცველი დუმდა“ და შესაბამისი განცხადებები არ გაუკეთებია მთელ რიგ შემთხვევებში, როცა ტელევიზიით შშმ პირების მიმართ დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის არაერთი მაგალითი ვრცელდებოდა.

„თქვენ თვითონაც იქამდე მიიღეთ მონაწილეობა რიტორიკაში, როდესაც სიძულვილით დაბრმავებული –  ეს გამოიყენეთ, აქ ხელისუფლებას არ მიაყენეთ პირველ რიგში შეურაცხყოფა , შეურაცხყოფა მიაყენეთ შშმ პირებს და მე ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ასე მოხდა, უბრალოდ ეს არის სამწუხარო აუცილებლობა რომ ამაზე განცხადება გავაკეთო“, – თქვა იონათამიშვილმა.