„სიხლიანი ბანერები" წინასაარჩევნოდ ქუჩებში ისევ გამოჩნდა | რა შეფასებები კეთდება ოპოზიციასა და მმართველ პარტიაში

პუბლიკა

„არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”, – 17 სექტემბრის ღამით თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები გამოჩნდა. „სისხლიან ბანერებზე” ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ფოტოებია დატანილი. მათ შორის ასევე მოხვდა „ქართული ოცნების” გუნდის ყოფილი ლიდერი, ექსპრემიერი გიორგი გახარიაც. ბანერებზე ასევე გამოსახულია მედიის წარმომადგენელთა ( ნოდარ მელაძე, ნიკა გვარამია) სურათებიც. სოციალურ ქსელში ვრცელდება ისეთი ფოტოებიც, სადაც ჩანს, რომ სიძულვილის ენის შემცველი ბანერები ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრეს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ბანერების გაკვრას მმართველ პარტიას უკავშირებს და ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებისთვის” პრიორიტეტული სიძულვილის გაღვივებაა. „ოცნებაში” ბანერებთან კავშირს უარყოფენ.

გთავაზობთ მმართველი პარტიისა და ოპოზიცური პარტიების წარმომადგენელთა შეფასებებს:

ელენე ხოშტარია, „დროა”: „ამ ბანერების გაკვრა ამ ფორმით, ამ დროს, პირველ რიგში მეტყველებს „ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ისტერიაზე. მათ იციან, რომ არ აქვთ გამარჯვების შანსი, ამიტომ დაუფარავად გადადიან ძალიან ღია, აგრესიულ ფორმებზე. „ქართული ოცნების” ერთადერთი სათქმელი საზოგადოებისთვის არის არა ის, რას გააკეთებენ, არამედ სიძულვილი და გახლეჩვის დათესვა საზოგადოებაში”.

ანა ბიბილაშვილი, „ლელო”: „ქართულ ოცნებას” აღარ დარჩა არაფერი სათქმელი ამ ქვეყნისთვის და ადამიანებისთვის ამ ქვეყანაში. მათ არ აქვთ არც შინაარსი, არც ხედვა, არ არავითარი რესურსი, რომ არჩევნები მოიგონ, რაც ხელში შერჩათ, ეს არის ძალადობა და ძალადობა ადამიანებზე. და ეს ბანერებიც არის ადამიანებზე ფსიქოლოგიური ძალადობის მაგალითი”.

ანა ბუჩუკური, პარტია „საქართველოსთვის”: „ეს არის ამორალური კამპანია, რომელიც „ოცნება“ საარჩევნოდ ატარებს. უდიდესი იმედგაცრუებაა ჩემთვის. მორალს მიღმაა ეს ყველაფერი. პოზების დაჭერა, მე რა შუაში ვარ – მაგარი „არიფები“ არიან, როგორი „არიფები“ არიან იცით?! ისეთ „არიფები“ არიან, ასეთ რაღაცას რომ აკეთებენ და მერე გამოვლენ და იტყვიან, მეც არ მომწონსო. ამორალობის დონე და ფსკერია, იმის ნაცვლად, რომ ხალხს ვესაუბრებოდეთ კომუნალურ საკითხებზე, მუნიციპალურ სერვისებზე, გზებზე, ტრანსპორტზე და კიდევ სხვა რამეზე. ამიტომ ვამბობ, რომ „ოცნება“ გვაბრუნებს წარსულში და იმ წარსულში იყვნენ „ნაცები“, მაგრამ თბილისს ვერ მოატყუებენ. იმიტომ არიან „არიფები“, რომ ჰგონიათ, ამით გამოძვრებიან, მაგრამ ვერ გამოძვრებიან”.

ნუგზარ წიკლაური, ენმ: „სიძულვილის ენა, ადამიანების დაპირისპირება, ქვეყანაში კოლიზიების შექმნა, დესტაბილიზაციის საფრთხის შექმნა – სადაც არის „ქართლი ოცნება” ის არ არის სტაბილურობა”.

გიგი უგულავა, ოპოზიიციის ნაწილის საერთო კანდიდატი: „სამარცხვინოა ხელისუფლება, რომელმაც დაივიწყა თავისი პირვანდელი მოვალეობა – იზრუნოს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და აცრის მოწოდების ნაცვლად, გამოაკრა სიძულვილის ენით გაჯერებული ბანერები, რომელშიც 1 წლის წინათ მათ მიერ საუკეთესო მენეჯერად მონათლული ბატონი გახარიაც კი მოხვდა”.

საკითხს „ქართული ოცნებიდან” გამოეხმაურნენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და გენერალური მდივანი კახა კალაძე.

ირაკლი კობახიძე: „ამ ქვეყანაში ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს გამოხატვის ესა თუ ის ფორმა, ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ეს გამოხატვის თავისუფლებაა. როგორ ჩანს, ეს არის „მადლიერი“ ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის განმავლობაში უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა… რა თქმა უნდა, გამოხატვის ნებისმიერი ფორმა, რომელიც ასეთ ნიშნებს შეიცავს, ბუნებრივია, ხელს უწყობს პოლარიზაციას, მაგრამ მთავარი პოლარიზატორები კარგად იცით, ვინ არიან. ეს არის რადიკალური ოპოზიცია სამი კუთვნილი პარტიული ტელევიზიით. დანარჩენი არის ამ ყველაფერზე საზოგადოების პასუხი“.

კახა კალაძე: „მე პირადად არ მომწონს ეს. ჩემი საარჩევნო კამპანია მაქვს, ყოველთვის ვესაუბრები საზოგადოებას სამომავლო გეგმებზე. ვესაუბრები გამოწვევებზე. დღეს, მაგალითად პრეზენტაცია მქონდა, თუ რას ვაპირებ მომდევნო 4 წლის განმავლობაში სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. ისიც გაირკვა ვინ გამოაკრა, ამასთან დაკავშირებითაც არსებობს ინფორმაცია. მერია არაფერ შუაშია, არანაირი უფლება არ აქვს მერიას ბანერის ჩამოხსნის, ან დაკიდების… არაფერი რეაგირება არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში, არის კომპანია „ალმა“, გაგიგიათ ამასთან დაკავშირებით? რომლის საკუთრებაა ეს ბანერები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას. მერიას არც გაკვრაში და არც ჩამოხსნაში არანაირი ვალდებულება და უფლება არ აქვს“.