„სილქნეტიდან" გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა კომპანიის ოფისთან აქცია გამართეს

პუბლიკა

„სილქნეტის“ ტექნიკური ქოლცენტრის გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა კომპანია „სილქნეტის“ სათაო ოფისთან საპროტესტო აქცია გაამრთეს.

ისინი მოითხოვენ, სამსახურში აღდგენას, ხელფასის 30%-ით მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

მათი განცხადებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში იზრდებოდა სამუშაო დატვირთვა და სერვისები, ასევე აბონენტთა რაოდენობა. მიუხედავად ამისა, თანამშრომლების ანაზღაურება არ გაზრდილა, პირიქით, გაიზარდა სამუშაო საათები.


6 სექტემბერს კომპანია „სილქნეტის“ ტექნიკურ ქოლცენტრში დასაქმებულმა 80-ზე მეტმა თანამშრომელმა ხელმძღვანელობას ელექტრონული ფოსტით წერილი გაუგზავნა, სადაც სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 30%-ით გაზრდას მოითხოვდა.

დასაქმებულები წერილში მიუთითებდნენ, რომ მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, 14 სექტემბერს, 5 საათიდან გაფიცვას გეგმავდნენ. კომპანიისგან თანამშრომლებს ოფიციალური პასუხი არ მიუღია. დასაქმებულებმა პროტესტის ნიშნად სამუშაო პროცესი შეწყვიტეს. მოგვიანებით, სხვადასხვა მიზეზის გამო, თანამშრომლების ნაწილი გაფიცვას გამოეთიშა, 30-მდე დასაქმებული კი კომპანიამ სამსახურიდან გაათავისუფლა.

როგორც „პუბლიკასთან“ კომპანიის თანამშრომლები ჰყვებიან, კომპანიაში წლების განმავლობაში დასაქმებულების დატვირთვა, სამუშაოს მოცულობა იზრდება, მაგრამ ანაზღაურება და სამუშაო პირობები არ იცვლება. ისინი ჰყვებიან, რომ კომპანიაში მუდმივად შიში და მუქარაა, რომ ხმის ამოღების შემთხვევაში ყველას სამსახურიდან დაითხოვენ.

სამართლებრივ დახმარებას მათ „სოლიდარობის ქსელი” უწევს. ისინი მოუწოდებენ დამსაქმებელს, აწარმოოს დასაქმებულებთან მშვიდობიანი მოლაპარაკებები მათ მიერ გაჟღერებული პრობლემების მოგვარების მიზნით.

პუბლიკას“ კომპანიაში დაუდასტურეს, რომ 30-მდე თანამშრომელი მართლაც გაათავისუფლეს სამსახურში გამოუცხადებლობის გამო.

„მათ მიეცათ შენიშვნა, გაფრთხილება, ვადა და ასე შემდეგ, მაგრამ ისინი არ გამოცხადდნენ სამსახურში და გათავისუფლების მიზეზიც ეს არის. გაფიცვასთან დაკავშირებით დეტალები ჩემთვის უცნობია. ამბავი რომ მოვიკითხე, მიზეზად სამსახურში გამოუცხადებლობა დაასახელეს.  უმეტესი ნაწილი სამსახურში დაბრუნდა და ვინც არ გამოვიდა, მათ მიეცათ შენიშვნა, რაც გათვალისწინებულია კოდექსით და ამის შემდეგ გათავისუფლდნენ“, – გვითხრეს კომპანიის პრესსამსახურში.