„სილქნეტის" თანამშრომლების პროტესტი | რა პოზიცია აქვს კომპანიას მოლაპარაკების დაწყებაზე

პუბლიკა

„სილქნეტის“ ტექნიკური ქოლცენტრის გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა გუშინ, 30 სექტემბერს კომპანიის სათაო ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს.

სამართლებრივ დახმარებას მათ „სოლიდარობის ქსელი“ უწევს. ისინი დამსაქმებელს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებენ, მათ მიერ გახმაურებული პრობლემების მოსაგვარებლად.

აპირებს თუ არა კომპანია გათავისუფლებულ თანამშრომლებთან შეხვედრას და მოლაპარაკებას, – „პუბლიკამ“ კომპანიას ამ შეკითხვით მიმართა. როგორც კომპანიის პასუხიდან ირკვევა, ამის მზაობა კომპანიაში ამ ეტაპზე არ არის.

„სილქნეტში” აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ მოქმედ თანამშრომლებს თავის დროზე თავად შესთავაზეს შეხვედრა. „ახლა კი, [როცა უკვე გათავისუფლებული არიან] „მე როგორც ვიცი, არ იგეგმება“. – განაცხადეს პრესსამსახურში. უფრო კონკრეტული პასუხი „პუბლიკას“ ამ შეკითხვაზე არ მიუღია. მათ დამაზუსტებელ კითხვაზე აღნიშნეს, რომ კომპანიის კომენტარი ამ თემაზე არის ის, რაც წერილობით გაავრცელეს.

კომპანიის ყოფილი თანამშრომელი ვასო თედიაშვილი ამბობს, რომ კომპანიის მხრიდან მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა. თედიაშვილის განმარტებით, თანამშრომლებმა ხელმძღვანელობას გაფიცვის შესატყობინებლად მიმართეს, თუმცა აღნიშნულს 5 დღის განმავლობაში არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

„მხოლოდ მე-6 დღეს დაგვირეკეს და  გვითხრეს, რომ კომპანია საერთოდ არ განიხილავს ხელფასის ზრდას. გვითხრეს, თუ გაკმაყოფილებთ ეს პირობა, რჩებით, თუ არა – წადით“, – ამბობს  თედიაშვილი.

გათავისუფლებული თანამშრომლები მოითხოვენ, სამსახურში აღდგენას, ხელფასის 30%-ით მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას:

6 სექტემბერს კომპანია „სილქნეტის“ ტექნიკურ ქოლცენტრში დასაქმებულმა 80-ზე მეტმა თანამშრომელმა ხელმძღვანელობას ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა წერილი, რომელშიც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის 30%-ით გაზრდას მოითხოვდნენ. დასაქმებულები წერილში მიუთითებდნენ, რომ მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, 14 სექტემბერს, 5 საათიდან გაიფიცებოდნენ. მათ, როგორც თავად ამბობენ, კომპანიისგან ოფიციალური პასუხი არ მიუღიათ და პროტესტის ნიშნად სამუშაო პროცესი შეწყვიტეს. მოგვიანებით, სხვადასხვა მიზეზის გამო, თანამშრომლების ნაწილი გაფიცვას  გამოეთიშა, 30-მდე დასაქმებული კი კომპანიამ სამსახურიდან გაათავისუფლა.

კომპანიაში თანამშრომების გათავისუფლების მიზეზად სამსახურში გამოუცხადებლობას ასახელებენ.

„მათ მიეცათ შენიშვნა, გაფრთხილება, ვადა და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც არ გამოცხადდნენ სამსახურში და გათავისუფლების მიზეზიც ეს არის… უმეტესი ნაწილი დაბრუნდა და ვინც არ გამოვიდა, მათ მიეცათ შენიშვნა, რაც გათვალისწინებულია კოდექსით და ამის შემდეგ გათავისუფლდნენ“, – გვითხრეს კომპანიის პრესსამსახურში 23 სექტემბერს.

დღეს კომპანიამ საპასუხო წერილში კიდევ ერთ გარემოებაზე მიუთითა – ყოფილი თანამშრომლები ჯანმრთელობის ყალბი ბიულეტინების წარდგენაში დაადანაშაულა.

„ზემოაღნიშნული პროცესების დაწყებამდე, ამავე თანამშრომლების გარკვეულმა ნაწილმა კომპანიაში არაერთგზის წარმოადგინა ყალბი საავადმყოფო ფურცლები, ე.წ. ბიულეტინები, რის შედეგადაც მოხდა რამდენიმე ათობით ათასი ლარის კომპანიის თანხის მითვისება. აღნიშნულ ფაქტებზე „სილქნეტმა“ საკითხის შესასწავლად უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს.

ფაქტების შესწავლის პროცესში თანამშრომელთა მცირე ჯგუფმა ყოველგვარი გაფრთხილებისა და საპატიო მიზეზის  გარეშე მიატოვა სამუშაო პროცესი და არ გამოცხადდა სამუშაოზე, რასაც კომპანიის მხრიდან მოჰყვა მოქმედი კანონმდებლობითა და შრომის შინაგანაწესით განსაზღვრული რეაგირება“, – ამბობენ კომპანიაში.

გათავისუფლებული თანამშრომელი ვასო თედიაშვილი აღნიშნულ ბიულეტინებთან დაკავშირებით ამბობს, რომ საუბარია 2019 წლის ამბავზე, როდესაც თანამშრომელების ნაწილმა სამსახურში აღნიშნული ცნობა წარადგინა, მოგვიანებით კი კომპანიისგან შეიტყვეს, რომ ეს ბიულეტინები იყო ყალბი, ვინაიდან 2019 წლის ნოემბერში იმ საავადმყოფოს შეუჩერდა ლიცენზია, რომელიც ამ  ბიულეტინებს გასცემდა. როგორც თედიაშვილი განმარტავს, ლიცენზიის გაუქმების შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონიათ და თანამშრომლების პასუხისმგებლობას ამ მხრივ ვერ ხედავს. ამბობს, რომ თავად კომპანია იყო ვალდებული, შეემოწმებინა ის და მხოლოდ ამის შემდეგ დაემოწმებინა.

მისივე თქმით, მათ პროტესტთან აღნიშნულ საკითხს არანაირი კავშირი არ აქვს და ამას კომპანია წელიწად-ნახევრის შემდეგ „მათკენ თითის გასაშვერად იყენებს“.

„კომპანიას რომ დავუსვით ასეთი შეკითხვა, რომ, თუ ჩვენ მიგვქონდა ყალბი საბუთები ორი წლის  განმავლობაში, რატომ არ ამოწმებდნენ ჩვენ მიტანილ საბუთებს, უბრალოდ ასეთი მარტივი პასუხი მივიღეთ – კომპანია რომ ხედავდა ბეჭედდარტყმულ ბიულეტენს, ეჭვი აღარ შეჰქონდა მის სიყალბეში…

წელიწად-ნახევარი, კომპანია ამ ბიულეტინებს იღებდა და თავად ვერ გაიგეს, ახლა კი ჩვენსკენ გამოიშვირეს თითი, რომ ჩვენ მიგვქონდა ყალბი ბიულეტინები“, – ამბობს თედიაშვილი.