„სიმულიანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, რომელიც ჯერ გამოდის, რომ ვითომ შიმშილობს“ - ღარიბაშვილი სააკაშვილზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მეორე ტური გაიმართება, პარტიულ აქტივს ხვდება. დღეს ის აჭარაში იმყოფებოდა.

მისი განცხადებით, „დესტრუქციულ ოპოზიციას“ პროვოკაციის საბაბი არ უნდა მიეცეთ. ღარიბაშვილი ამბობს, რომ მშვიდ და სამართლიან გარემოში არჩევნების ჩასატარებლად მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული. პრემიერის განმარტებით, სრული მობილიზება ნიშნავს, რომ არჩევნების დღეს არც ერთი ამომრჩეველი არ უნდა დარჩეს შინ.

პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა სთხოვეს შეეფასებინა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომლითაც ექსპრეზიდენტმა საჯარო მოხელეებსა და სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს მიმართა.

„მე ერთი რამ მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, აქვე მინდა, ბოდიში მოვუხადო, რომ გარდა აქტუალური თემებისა და საკითხებისა, გვიწევს პატიმარ სააკაშვილზე საუბარი ყოველ დღე და წარმოიდგინეთ როგორი, ასე ვთქვათ… აღარ მინდა, ეპითეტებით შევამკო, ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ არჩევნების შემდეგ მე და ყველა… მინდა, ჩვენი გუნდის წევრებს ვთხოვო, რომ აღარ გავაკეთებთ სააკაშვილის თემაზე კომენტარს“, – განაცხადა მან.

შეკითხვაზე, არჩევნებამდე რატომ აკეთებს მმართველი გუნდი ექსპრეზიდენტზე განცხადებებს, პრემიერი ამბობს, რომ არჩევნების წინ მოსახლეობას უნდა განემარტოს რეალობა და „მჩაგვრელი, მწამებელი, მკვლელი სააკაშვილის მძიმე საქმიანობა“.

სააკაშვილის მოწოდებებს ღარიბაშვილმა მასკარადი უწოდა.

„ეს არის შეურაცხმყოფელი ქმედება მისი მხრიდან, რომ ცდილობს საზოგადოების მოტყუებას და შეურაცხყოფას აყენებს მოსახლეობას. ეს არის ჩვეულებრივი სიმულიანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, რომელიც ჯერ გამოდის, რომ ვითომ შიმშილობს, მეორეც უნდა, რომ ყველამ ჩვენ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე თუ შიმშილზე. ეს არის სამარცხვინო სიტუაცია, დავამთავროთ არჩევნები და გადავიდეთ საქმის კეთებაზე. არავის ამ ქვეყანაში არ მივცემ პროვოკაციის მოწყობის საშუალებას. მან ერთხელ უკვე დაანგრია ჩვენი ქვეყანა, მან და მისმა გუნდმა, მელიამ და ყველამ. დაჩაგრეს და აწამეს, გაანადგურეს ჩვენი მოსახლეობა. მეორედ ამის უფლებას არავის მივცემთ“, – განაცხადა პრემიერმა.