სააკაშვილი სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულებს მიმართავს

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მეთორმეტე საპატიმროდან მორიგ განცხადებას ავრცელებს.

ამ განცხადებით ის საჯარო მოხელეებს, საარჩევნო კომისიების წევრებს, სამართალდამცავებს, მედიას, პედაგოგებს და სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს მიმართავს.

ექსპრეზიდენტი წერს, რომ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებაში საყრდენი აღარ გააჩნია, ამიტომ მეორე ტურის წინ ისინი ზეწოლით არჩევნების გაყალბებას შეეცდებიან.

სააკაშვილი წერს, რომ ის, რის გაკეთებასაც მმართველი პარტია აიძულებს საზოგადოების გარჯვეულ ჯგუფებს, ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ქვეყანას.

ის მოუწოდებს ყველას, უარი თქვან როგორც აქტიურ გაყალბებაზე, ასევე გაყალბების ფაქტებზე თვალის დახუჭვაზეც.

„მისი არსებობის ბოლო დღეებში, რეჟიმი კიდევ უფრო გააძლიერებს თქვენზე ძალადობას და შეეცდება ბოლომდე გამოგიყენოთ არჩევნების გასაყალბებლად. თუმცა ვერანაირი გაყალბება მათ ვეღარ უშველის – მათ სრულიად დაკარგეს მთავარი, ქართველი ხალხის ნდობა და მხარდაჭერა. ამის გარეშე კი არჩევნებში ვერავინ ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს. მინდა გთხოვოთ, რომ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს შვილები ხართ და როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, გსურთ თავისუფალ, დემოკრატიულ, დაცულ და განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება თქვენი კეთილდღეობა. ის, რასაც თქვენ გაკეთებინებენ, ეწინააღმდეგება სწორედ ამ მიზნებს და უფსკრულისკენ მიაქანებს ჩვენს სამშობლოს. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, უარი თქვით არა მხოლოდ აქტიურ გაყალბებაზე, არამედ თვალის დახუჭვაზეც თქვენს თვალწინ მიმდინარე გაყალბებაზე. უარი თქვით ქართულ ოცნებაზე და აირჩიეთ სამშობლო, რომლის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება დღეს ოპოზიციის არჩევაზე გადის“, – წერს სააკაშვილი.