„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე „ბათუმელები“/ „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისგან, მზია ამაღლობელისგან, რომელიც 28-ე დღეა შიმშილობს, ისევ სინანულს ითხოვს.
ბათუმში ჩასულ კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს მზია ამაღლობელის საქმეზე და ასევე „ბათუმელების“ რედაქტორის, ეთერ თურაძის განცხადებაზე, რომ მზადაა შეხვდეს ამ თემასთან დაკავშირებით.
„მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ ვერ ვხედავთ ვერავითარ სინანულს, პოლიციელს გაარტყეს ხელი სახეში და 0 სინანული ამასთან დაკავშირებით. არც კონკრეტულად ბრალდებულის მხრიდან არც მისი კოლეგების მხრიდან, ეს არის რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელი, დანარჩენზე საზოგადოებამ უნდა გააკეთოს თავის შეფასება.
რაც შეეხება შეხვედრას, მე ველოდი რომ გარკვეული სინანული დაედებოდა ფონად იმ ინიციატივას, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან, თუმცა, არავითარი სინანული, მათ უნდათ სამართლებრივი საკითხების გარჩევა, აპირებდნენ ადვოკატთან ერთად მოსვლას, სამართლებრივი საკითხები ჩემთან ვერ გაირჩევა, მე არ ვარ არც პროკურორი, არც მოსამართლე, სამართლებრივი საკითხები უნდა გაირჩეს პროკურატურაში და სასამართლოში, ეს არის შესაბამისი უწყებები, თუ ვინმეს უნდა გამოხატოს სინანული, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, ეს იქნებოდა სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება და ამის შემდეგ შეიძლება დავიწყოთ საუბარი ნებისმიერ თემაზე, მათ შორის შეხვედრებთან დაკავშირებით და ა.შ. მაგრამ, როდესაც ხედავ, რომ არა თუ სინანულს არ გამოხატავენ კონკრეტული სამართალდარღვევის გამო, არამედ პირიქით, ცდილობენ ასეთი სამართალდარღვევის წახალისებას, ეს რა თქმა უნდა, არის უკიდურესად მიუღებელი და ამის მიმართ ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური, სინანული არის მთავარი, რაც ახლა არის გამოსახატი“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
გუშინ მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე ეთერ თურაძემ თქვა, რომ მზია არ შიმშილობს იმიტომ, რომ გაათავისუფლონ, ხოლო მზიას კოლოგებეი არ ითხოვენ მის გათავისუფლებას იმიტომ, რომ ის ჟურნალისტია – „ჩვენ ვითხოვთ მის გათავისუფლებას იმიტომ, რომ ის არის უკანონო პატიმარი. ვამბობთ, რომ მზია ამაღლობელის მიმართ წაყენებული სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლი არის არაადეკვატური“.
ირაკლი კობახიძემ 29 იანვარს თქვა, რომ მზად არის დიალოგისთვის და რომ თუ ვინმეს სურვილი ჰქონდა მზია ამაღლობელის საკითხის განხილვის, შეხვედრაზე თანახმა იყო:
„თუ ვინმეს უნდა რაიმე საკითხის განხილვა საჯაროდ თუ არასაჯაროდ, კონკრეტულად მზია ამაღლობელის საკითხის განხილვა, მობრძანდნენ, ხვალვე მზად ვარ, რომ შევხვდე და განვიხილო ეს საკითხი“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 28-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 1
1 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე. ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.