საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დაპატიმრებულთა ოჯახის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან აქციას მართავენ.
მათ ორი მოთხოვნა აქვთ:
- დაუთმოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირი ეთერი, სადაც თავიანთ პრობლემებზე ისაუბრებენ;
- საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში გააშუქოს ყველა სასამართლო პროცესი.
ოჯახებმა დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ოფიციალური განცხადებით მიმართეს.
მათივე თქმით, თუ მოთხოვნები რამდენიმე დღეში არ შესრულდება, ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურ კომუნიკაციას დაიწყებენ.
განცხადება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა წაიკითხეს:
„ჩვენ, სინდისის პატიმართა ოჯახები, მოგმართავთ გულწრფელი თხოვნითა და მტკიცე მოთხოვნით, გამომდინარე იმ მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც ჩვენი ოჯახის წევრები იმყოფებიან:
ვითხოვთ პრაიმ-თაიმში ცოცხალი ეთერის გამოყოფას, რათა საზოგადოებასა და ჩვენ, პატიმრების ოჯახებს, მოგვეცეს შესაძლებლობა უშუალოდ მივაწოდოთ ინფორმაცია სინდისის პატიმრების მდგომარეობასა და მათ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. მივიჩნევთ, რომ საზოგადოების ინფორმირების უფლება და საჭიროება უმაღლეს პრიორიტეტად უნდა განიხილებოდეს.
ვითხოვთ, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული ყველა სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში სრულფასოვან გაშუქებას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ. მოგეხსენებათ, მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს გააჩნია სასამართლო პროცესების ვიდეოგადაღების უფლებამოსილება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესების გამჭვირვალობისა და საზოგადოების სამართლიანად ინფორმირების უზრუნველყოფისთვის.
უკვე ხუთი თვეა, 54 მოქალაქე უმიზეზოდ, ყოველგვარი დასაბუთებული ბრალის გარეშე იმყოფება პატიმრობაში. ისინი წარმოადგენენ სინდისის პატიმრებს — ადამიანებს, რომლებმაც აირჩიეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და თავისუფლებისთვის ბრძოლა.
ჩვენი მოთხოვნები ემყარება თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუტურ მიზნებს — უზრუნველყოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების სრულფასოვანი გაშუქება, დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის პრინციპების დაცვით.
ამით მოვითხოვთ:
- სამდღიან ვადაში უზრუნველყოთ ცოცხალი ეთერის გამოყოფა პრაიმ-თაიმში;
- დაიწყოთ სინდისის პატიმრებთან დაკავშირებული ყველა სასამართლო პროცესის პირდაპირ ეთერში სრულყოფილი გაშუქება.
ჩვენი მადისკრედიტირებელი ინფორმაციის გავრცელებაში ჩართულია უზარმაზარი სისტემური რესურსი. ასეთ ვითარებაში საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, როგორც მინიმუმ, დაგვეხმაროს საზოგადოებისათვის ჩვენი ხმის უკეთ მიწვდენაში და დაბალანსებულად ინფორმირებაში.
გთხოვთ, უზრუნველყოთ დროული რეაგირება და გაითვალისწინოთ საკითხის განსაკუთრებული სენსიტიურობა და საზოგადოებრივი მნიშვნელობა.
გაცნობებთ, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით იძულებული, საკითხი გადავცეთ საერთაშორისო საზოგადოებრივი მაუწყებლობის მონიტორინგის ორგანიზაციებს, მათ შორის Public Media Alliance-ს, ასევე მივმართოთ ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს მედიის თავისუფლების დეპარტამენტს, საერთაშორისო ჟურნალისტთა ფედერაციას (IFJ) და სხვა შესაბამის გავლენიან ინსტიტუტებს, რათა სათანადო ყურადღება მიაქციონ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი ინტერესების და სამართლიანი ინფორმირების ვალდებულებების შესაძლო დარღვევას.
წერილის ასლები იგზავნება ზემოთ ხსენებულ ორგანიზაციებში“.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ალექსანდრე ცხადაძე
- ეკატერინე ჯავახიშვილი
- ელენე (ლიკა) გუნცაძე
- ელენე ახობაძე
- ელენე დევიძე
- ელენე კროტენკო
- ელენე ხუნდაძე
- ზაზა სხვიტარიძე
- ზურაბ ცეცხლაძე
- თამთა ჩხეიძე
- თორნიკე სხვიტარიძე
- ინგა ესვანჯია
- ლაშა კაცია
- ლიზა მიმინოშვილი
- მაია ლეკიშვილი
- მანანა ახობაძე
- მანანა სამხარაძე
- თამარ მჭედლიშვილი
- ია ბარდაველიძე
- ილია კიკნაძე
- მარიამ ოთინაშვილი
- მარიამ ტერიშვილი
- მარიზი კობახიძე
- მარინა აფციაური
- მიხეილ დევიძე
- ნანა არჩაია
- ნანი წულაია
- ნარგიზი დავითაძე
- ნია არჩაია
- ოთარ ჭიჭინაძე
- სესილი დარჩია
- ქეთევან ქვრივიშვილი
- ქეთი დანელია
- ქეთუნა ქერაშვილი