ელისაშვილი ბერაიას: სირცხვილია, ისევ [კომიტეტის] თავმჯდომარე რომ ხარ

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას სხდომაზე უთხრა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფის შემდეგ მისი ისევ თანამდებობაზე ყოფნა სირცხვილია.

„ირაკლი, პირდაპირ გეუბნები, სირცხვილია, ისევ რომ ხარ თავმჯდომარე. იმისთვის, რომ ჯანსაღი ვითარება დაბრუნდეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, ღირსება უნდა დაბრუნდეს და უღირსი საქციელი როცა ჩაიდინე, მაშინ უნდა გეფიქრა, ვინ გექაჩებოდა ენაზე იმ საზიზღრობებს რომ აყრანტალებდი. ვერ გაგრძელდება აქ ჯანსაღი სიტუაცია, ვიდრე იქნები ჩაბღაუჭებული იმ თანამდებობას. სირცხვილია ყოველი დღე, როცა ატარებ თავდაცვისა და უშიშროების პოსტზე. არ ვერჩი არცერთ კომიტეტს, ყველა კომიტეტი მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ, ამ კომიტეტში, პირველ რიგში, უნდა იყოს ღირსება, ეს არ იგრძნობა, დაკარგულია შენი უღირსი საქციელის გამო, ირაკლი ბერაიავ,“ – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ამ მიმართვის შემდეგ, ელისაშვილმა დარბაზი დატოვა, ბერაიამ კი თქვა, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.

„გადადგომას ნამდვილად არ ვაპირებ, ეს ყველამ მინდა კარგად გაიგოს ერთხელ და სამუდამოდ”. – თქვა ბერაიამ.

ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას სიტყვიერი შეურაცხყოფა 31 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მიაყენა. შეურაცხყოფის შემდეგ ირაკლი ბერაიამ თქვა, რომ ბოდიშს იხდის, ვინაიდან მისი რეაქცია, აქუბარდიას განცხადების „სიმძიმიდან გამომდინარე, ემოციურად გადაჭარბებული იყო”. ამასთან, უარი თქვა, დატოვოს საპარლამენტო თანამდებობა.

პარალემტნის თავმდჯომარემ თქვა, რომ საკმარისია „ბოდიში და გულწრფელი სინანული“. თანამდებობიდან წასვლას კი, პაპუაშვილის თქმით, „არც ბერაია და არც არავინ აპირებს“.