„პასუხი აგენტს“ – ამ სათაურით მოძრაობა „სირცხვილია“ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართავს.
მოძრაობაში ამბობენ, რომ შალვა პაპუაშვილმა სიცრუე გააჟღერა „სირცხვილიას“ გაუმჭვირვალობასთან დაკავშრებით, ამიტომ მას მოძრაობის ფინანსური დონორების ჩამონათვალს უგზავნიან.
„სანამ „აგენტების” სხვაგან ძებნას დაიწყებთ, თქვენივე გუნდის წევრების ბიოგრაფიებით ხომ არ დაინტერესდებოდით?ასე მაგალითად:
ირაკლი კობახიძე, 2006-2014: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და მენეჯერი;
თავად თქვენ, 2017-2020: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი;
სოზარ სუბარი, 1995-2000: ლონდონის „ომისა და მშვიდობის რეპორტაჟების ინსტიტუტის” კორესპონდენტი და IREX-ის კანონის უზენაესობის პროექტის დირექტორი;
ბიოგრაფიების შესწავლისას შემთხვევით წავაწყდით: რამინა (რიმა) ბერაძე: 1985-1991 რაიკომის მდივანი“, – წერს „სირცხვილია”.
შალვა პაპუაშვილმა „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას დღეს განაცხადა, რომ ერთი საკითხია, რა ფორმა და სახე ექნება რეგულაციასა და სისტემას, მაგრამ ამის საბაბით ცდილობენ, ტაბუ დაედოს მთავარს, არსს – ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის საკითხს.
„მაგალითისთვის გეტყვით, ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელიც არის ძალადობრივი ორგანიზაცია, ენმ-ის ახალგაზრდული ფრთა, მათი წარმომადგენლები ძალადობრივი ქმედების გამო იქნენ ცნობილნი სამართალდამრღვევებად და ვიცით, რომ ისინი არიან პოლიტიკურად აფილირებულნი, ვიცით პოლიტიკოსების განცხადებები, რომ ვიღაცებისგან ფინანსდებიან, თუმცა მათი ფინანსები არ არის ცნობილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა, რომლის თქმით, ზოგი NGO ღიად აქვეყნებს თავის ფინანსებს.