„სირცხვილის დერეფნები პარლამენტთან" - ხვალ, 12 დეკემბერს მოსამართლეების საკითხზე აქცია გაიმართება

პუბლიკა

„სახეზეა სასამართლოს უვადოდ მიტაცების შემთხვევა, რისი შეჩერებაც მხოლოდ ჩვენი აქტიურობითა და პროტესტით შეგვიძლია!”, – მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში” ხვალ, 12 დეკემბერს პარლამენტთან სირცხვილის დერეფნების მოწყობას აპირებს.

12 დეკემბერს, 09:30-ზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით კენჭისყრაა ჩანიშნული.

„კანდიდატთა სრული უმრავლესობა არის სასამართლოში არსებული ე.წ. „კლანის” წევრები. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის მსურველი კანდიდატის, შალვა თადუმაძის განათლებასა და დიპლომთან დაკავშირებით კი, კვლავ მნიშვნელოვანი პასუხგაუცემელი კითხვები არსებობს.

სწორედ ამიტომ, 12 დეკემბერს, 09:00-დან, სამოქალაქო საზოგადოება – არასამთავრობო სექტორთან და პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, მოვაწყობთ სირცხვილის დერეფნებს და კომიტეტის წევრებს ვაიძულებთ, დაემორჩილონ არა ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებსს, არამედ კანონსა და ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარებისთვის საუკეთესო ინტერესს.

გამართული და გავლენებისგან დამოუკიდებელი სასამართლო ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი ფაქტორია.

არ დავუთმოთ სასამართლო ოლიგარქის მარიონეტებს!”, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია.

ესენი არიან: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი და ნინო ქადაგიძე, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, პაატა სილაგაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.

მათგან ზაზა თავაძემ უარი განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე.