სირიაში ამერიკელი სამხედროების სპეცოპერაციისას ISIS-ის ლიდერი დაიღუპა

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მათ წარმატებულად დაასრულეს სპეცოპერაცია სირიის ჩრდილო-დასავლეთით, იდლიბის პროვინციაში.

ბაიდენის განცხადებით, წუხელ მისი ბრძანებით, ამერიკელი ხალხისა და მათი მოკავშირეების დასაცავად კონტრტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა.

„წუხელ, ჩემი ბრძანებისამებრ, ამერიკელმა სამხედროებმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, წარმატებულად აწარმოეს სპეცოპერაცია ამერიკელი ხალხის, ჩვენი მოკავშირეების დასაცავად და იმისათვის, რომ სამყარო უფრო მშვიდობიან ადგილად იქცეს.

ჩვენი შეიარაღებული ძალების სიმამაცისა და პროფესიონალიზმის წყალობით, ჩვენ წარმატებით მოვიშორეთ აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ქურაიში, ISIS-ის ლიდერი.

ყველა ამერიკელი ოპერაციის შემდეგ სამშობლოში მშვიდობით დაბრუნდა“, – აცხადებს ბაიდენი.

როგორც ამერიკული გამოცემები წერენ, სპეცოპერაციისას ძლიერი შეტაკება მოხდა ამერიკელ სამხედროებსა და ადგილზე მყოფ პირებს შორის. აშშ-ის სამხედრო ვერტმფრენებს მსხვილკალიბრიანი იარაღით გაუხსნეს ცეცხლი, თუმცა ამერიკელებმა სპეცოპერაციის გაგრძელება შეძლეს.

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციისას ISIS-ის ლიდერმა თავი აიფეთქა, რასაც მისი ოჯახის წევრები, სულ 13 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 6 ბავშვია.