სირიაში სამთავრობო ძალებმა საავადმყოფო დაბომბეს, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა

პუბლიკა

წუხელ სირიის ჩრდილო-დასავლეთით რუსეთის მხარდაჭერის მქონე ბაშარ ასადის ძალებმა იდლიბის და ალეპოს რეგიონების ის ნაწილები დაბობმეს, რომლებსაც თურქეთისგან მხარდაჭერის მქონე სამხედრო ჯგუფები აკონტროლებენ.

სავარაუდოდ, რუსული ავიაციისა და სამთავრობო ძალების საარტილერიო იერიშების შედეგად რამდენიმე მოქალაქეც დაიღუპა. მათ შორის, როგორც „ალ ჯაზირა“ წერს, დაბომბვაში მოჰყვა ერთ-ერთი საავადმყოფო, რასაც 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა კიდევ რამდენიმე ადამიანი.

თურქეთის მხარდაჭერის მქონე „სირიის ეროვნულმა არმიამ“  სამთავრობო ძალების პოსტებზე საპასუხო საარტილერიო იერიშიც მიიტანა, რის შედეგადაც რამდენიმე სამხედრო დაიღუპა.

სამთავრობო ძალების იერიშის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ რუსეთი სირიაში დადებული ზავის დარღვევაში დაადანაშაულა და მოსთხოვა, რომ სასწრაფოდ შეაჩერონ სამხედრო იერიში. თურქეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, სიტუაციის ესკალაციის გამო იდლიბში მყოფ თურქულ სამხედრო ნაწილებში მობილიზაცია გამოცხადდა.

ბოლო დღეებში სიტუაცია ასევე გამწვავდა სირიის ჩრდილოეთით. ამჯერად თურქულ სამხედრო ნაწილებსა და პროქურუთულ „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ შორის, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით სირიის ჩრდილოეთით რამდენიმე რეგიონს აკონტროლებს.

გუშინ თურქეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა აინ ისას დასახლებაზე, რომელიც სირიის ჩრდილოეთით ერთ-ერთ სტრატეგიულ გზატკეცილზე მდებარეობს. ხოლო თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, მათ გასულ სამ დღეში 35 ქურთი მებრძოლი მოკლეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსხვერპლი მოჰყვა თურქულ სამხედრო ნაწილებში „სირიის დემოკრატიული ძალების“ საპასუხო საარტილერიო იერიშსაც.

თურქეთის ხელისუფლების გაცხადებული მიზანია, რომ სირიის ჩრდილოეთით, იმ ტერიტორიაზე, რომელიც თურქეთს ესაზღვრება, ე.წ. უსაფრთხოების ზონა შექმნას. ამის მოტივია სირიაში მყოფი ქურთი სამხედროების გაუვნებელყოფა, რომელსაც ანკარა ტერორისტებად მოიხსენიებს.