SIS: ცოლზე ძალადობის, მუქარის და იძულების ფაქტზე პენიტენციურის თანამშრომელი დავაკავეთ

პუბლიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გავრცელებული განცხადებით, ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე დააკავა სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი პ.გ.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ოქტომბრის თვეში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, პ.გ.-მ, ქ. ზესტაფონში, სამსახურში მიაკითხა მეუღლეს, ჩაისვა ავტომანქანაში და ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა.

ამის შემდეგ ის ქალს მანქანის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

იმავე დღეს, სახლში დაბრუნებისას, პ.გ-მ, ცოლის ნების საწინააღმდეგოდ, თითქოსდა მისი დამშვიდების მიზნით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რამდენიმე აბი წამალი დაალევინა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე არასრულწლოვანის თანდასწრებითაც ძალადობდა.

უწყების ინფორმაციით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით მოპოვებული იქნა სამართალდამცველის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე იგი დაკავებული იქნა.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველს ბრალდება 48 საათში წარედგინება.

დანაშაული 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.