„სისტემა ცდილობს ჩაახშოს ჩვენი ხმა" - პანკისელი ახალგაზრდების მანიფესტი

პუბლიკა

პანკისელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს, რომელიც ეხება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას, ვახა მაჩალიკაშვილისადმი სისტემის დამოკიდებულებას და ზოგადად პანკისელ მოქალაქეთა მთავარ პრობლემას. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“პანკისელი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი სრულ მხარდაჭერას ვუდასტურებთ მალხაზ მაჩალიკაშვილის სამართლებრივ ბრძოლას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სიმართლის დადგენის საკითხში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პანკისის ხეობის მიმართ დანაშაულებრივი სახელმწიფო პოლიტიკის წარმოება დაიწყო შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში და ყოველი შემდგომი ხელისუფლება საკუთარი ინტერპრეტაციებით აგრძელებს ამ გზას. ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიზღუდა პანკისელი საქართველოს მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა და ჩვენ, პანკისელები უკვე ორ ათეულ წელზე მეტია ვიმყოფებით მუდმივი მორალური და ფიზიკური რეპრესიების ქვეშ სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის სახელით.

ჩვენ კოლექტიურად წართმეული გვაქვს საკუთარი სიმართლის დადგენის ან საზოგადოებისთვის მისი გაზიარების შესაძლებლობა. თოთქოს, უკვე მივეჩვიეთ კიდეც იმ გარემოებას, რომ პანკისთან დაკავშირებულ საქმეებზე ხეობაში ერთი სიმართლეა, ხოლო ტელევიზიებით სხვა სიმართლეს ვისმენთ და თითქმის დავიჯერეთ ისიც, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულება არის არ ვისაუბროთ ჩვენს წილ სიმართლეზე. ვახა მაჩალიკაშვილი, უკიდურესად გამწარებული მამა, აღმოჩნდა პირველი პანკისელი, რომელიც წინა გამოცდილებისგან განსხვავებულ გზას დაადგა და გადაწყვიტა, რომ ამ სახელმწიფოში, ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, მიუხედავად ყველა სხვა გარემოებისა, აქვს უფლება საკუთარი წილი სიმართლე გაუზიაროს პანკისს მიღმა თანამიქალაქეებს და სამართლებრივი გზით იბრძოლოს სამართლიანობის მისაღწევად.

ვახა მაჩალიკაშვილი არის ის პანკისელი, რომელიც საკუთარი მხრებით ატარებს არა მხოლოდ თემირლანის, არამედ ყველა ჩვენთაგანის უთქმელ სიმართლესაც. სისტემა პანკისელ ვახას ძალადობრივი ენით ელაპარაკება, რადგან მას არ აქვს სხვა გამოცდილება ჩვენთან სასაუბროდ. სისტემა ბრაზობს ჩვენზე და ბრალს გვდებს იმის გამო რომ ხმა ამოვიღეთ. სისტემა ძველებურად ცდილობს ჩაახშოს ჩვენი ხმა და ყველაზე მინიმალურს, სასამართლოში დავის საშუალებასაც არ გვაძლევს ჩვენსავე სახელმწიფოში და მიგვითითებს სტრასბურგზე. სამაგიეროდ, ტელეეკრანებიდან უწყობს სასამართლოს ყველა პანკისელს და ჩვენი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას გვართმევს იმ სივრცეში , სადაც ჩვენზე მსჯელობენ და განგვიხილავენ.

ობიექტური სასამართლოს მიღმა, ჩვენი წილი სიმართლის მოსმენა არ სურს არც პარლამენტარების უმრავლესობას და მიგვანიშნებენ რომ ახლა ჩვენი დრო არ არის , რომ გავჩუმდეთ. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის სასოწარკვეთილი მდგომარეობა არის არა მხოლოდ ამ ოჯახის და პანკისის ხეობის ტრაგედია, არამედ ეს შემთხვევა ცხადყოფს იმ ხელისუფლების თუ სისტემის ბუნებას რომელიც მართავს ჩვენს სახელმწიფოს. ჩვენ გვჯერა რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დასრულებით ვერ დამთავრდება ეს საქმე .

გვჯერა, რომ ჩვენს ღირსეულ თანამოქალაქეებთან ერთად გადავლახავთ ყველა გამოწვევას,მივაღწევთ სამართალს და შევქმნით ისეთ გარემოს სადაც ყველა ჩვენთაგანის ღირსება თანასწორად დაცული იქნება კანონის და სამართლის წინაშე. ჩვენ გამძლეობას და მხნეობას ვუსურვებთ თემირლანის ოჯახს და ყველა ჩვენს თანამებრძოლს სამართლიანობისთვის ბრძოლაში