სისტემური რეფორმები, გამჭვირვალობა ყველაზე მეტად ახლაა საჭირო - მიშელი ღარიბაშვილს

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. შეხვედრას მოგვიანებით Twitter-ზე გამოეხმაურა შარლ მიშელი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ღარიბაშვილს მიმართავს, რომ რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა ისე საჭიროა, როგორც არასადროს.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრო ღარიბაშვილო. ისტორიული ევროპული პერსპექტივით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ თაობებისთვის საქართველო ახალი ტრაექტორიით წაიყვანოთ. სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა ისე საჭიროა, როგორც აქამდე არასდროს ყოფილა. ქართველი ხალხისთვის“, – წერს მიშელი.

შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილიც. პრემიერი წერს, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა.

„ხაზგაზმით აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა და ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“, – წერს ღარიბაშვილი.