სისულელეების ლაპარაკს თავი დაანებონ, საკითხი ძალიან სერიოზულია - ჯიშკარიანი ხელისუფლებას

პუბლიკა

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი კვლავ მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო ინტოქსიკაციის შესახებ საუბრობს. მან დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ისევ ელოდებიან მტკიცებულებებს, მაგრამ „დიდი ალბათობით სააკაშვილი არის ინტოქსიკაციის მსხვერპლი“.

მან მოუწოდა ხელისუფლებას, მიიღონ სასწრაფო ზომები მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადასაყვანად. ასევე, მარიამ ჯიშკარიანმა მიმართა პრეზიდენტს დღესვე შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

„მე მინდა ხელისუფლების საყურადღებოდ განვაცხადო, რომ ჩვენ გუშინ შევიკრიბეთ ექსპერტთა ჯგუფი, გვქონდა მსჯელობა მიხეილ სააკაშილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ექსპერტთა ჯგუფი მივიდა მყარ დასკვნამდე, რომ ძალიან დიდი ალბათობით და შემდგომ მტკიცებულებებს კიდევ ველოდებით, მიხეილ სააკაშვილი არის ინტოქსიკაციის მსხვერპლი. იგი დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და შესაძლებელია სიკვდილის მცდელობასაც.

მოვუწოდებ, პირადად მე, ახლა აქედან სალომე ზურაბიშვილს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად მიიღოს ზომა და დღესვე შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, ასევე მოვუწოდებ ხელისუფლებას სისულელეების ლაპარაკს თავი დაანებონ, საკითხი არის ძალიან სერიოზული და სანამ არ მომხდარა დიდი სკანდალი, მოვუწოდებ მიიღონ ზომა – სასწრაფოდ დღესვე გადაყვანილი იქნას მიხეილ სააკაშვილი შარიტეს კლინიკაში მომდევნო დიაგნოსტიკისათვის და მკურნალობისათვის. შესაძლებელია დადგეს სავალალო შედეგი“, – თქვა მან.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე დღეს ისაუბრა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ. მან თქვა, რომ უარესდება მისი მდგომარეობა და მოუწევთ სასამართლოსთვის მიმართვა სასჯელის გადავადების საკითხზე.


19 ნოემბერს  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ კვლევის შედეგები იძლევა საფუძველს, რომ ითქვას – მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. ამის შესახებ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის დედამაც და განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს. 21 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელდა განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ არასდროს ჰქონია ეჭვი მოწამვლაზე: „მინდა განვაცხადო, რომ არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა“.