სიტუაცია განმუხტულია, არავითარი დაძაბულობა არ არის - ქვემო ქართლის გუბერნატორი

პუბლიკა

ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, დმანისში ვითარება განმუხტულია. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, მიმდინარეობს შეხვედრები ქართული და აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებთან.

„დღეს, ამ წუთისთვის სიტუაცია განმუხტულია, არავითარი დაძაბულობა არ არის. გუშინდელ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ამ დეტალებთან დაკავშირებით მე არ ვარ კომპეტენტური და არ მაქვს დეტალური ინფორმაცია. შესაბამისი უწყებებიდან მიიღებთ ამას. ჩვენ დღევანდელი, გუშინდელი ასეთი ინციდენტი არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. ბუნებრივია, ჩვენ ორივე -აზერბაიჯანულ თემთან, ქართულ თემთან, ლიდერებთან, ავტორიტეტებთან, ახალგაზრდებთან – ყველასთან სამუშაო გვაქვს და დღესვე ვიწყებთ ამ ყველაფერს. მიმდინარეობს ეს ურთიერთობები, რომ საბოლოოდ ეს ინციდენტი მიეცეს დავიწყებას“, – განაცხადა გუბერნატორმა.

17 მაისს ქალაქ დმანისში საქართველოს აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენლებსა და ეთნიკურ ქართველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს მოქალაქეები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი. პოლიცია ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას.

როგორც ტელევიზიებთან ადგილობრივები აცხადებდნენ, დაპირისპირების მიზეზი ერთ-ერთ მაღაზიაში დაწყებული შელაპარაკება გახდა. რამდენიმე ეთნიკურად ქართველი მაღაზიაში შევიდა და მოითხოვა ლუდი, საფასურის გადახდის გარეშე, რაზეც უარი მიიღეს. ცოტა ხნის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ რამდენიმე ათეულ ადამიანთან ერთად, სადაც მათ, ასევე, დახვდნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელები და მათ შორის დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება.