სიტყვა „თავისუფლების" გამოყენების შეზღუდვა მიუღებელია, მივმართეთ სასამართლოს - ბექა ბერიძე

პუბლიკა

კომპანია „BB Store • ბბ სთორიმ” სიტყვა „თავისუფლების” საკითხზე სასამართლოს მიმართა, – ინფორმაციას ამის შესახებ თავად კომპანია ავრცელებს.

კომპანიის დამფუძნებელი ბექა ბერიძე წერს, რომ მოამზადეს სარჩელი, რომელიც უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია.

„კომპანიის დამფუძნებლებმა მე და ნინო გიგინეიშვილმა დავიწყეთ ბრძოლა, ვინაიდან ვერ დავეთანხმებით თავისუფლების შეზღუდვას. ჩვენთვის მიუღებელია სიტყვა „თავისუფლების” გისოსებში ჩასმა, დაპატენტება და მისი გამოყენების შეზღუდვა ჩვენთვის ან ნებისმიერი სხვა პირისთვის. თავისუფლება ყველასია და დაუშვებელია მისი მისაკუთრება ერთი კომპანიის მიერ”, – წერს ის.

როგორც კომპანია BB Store აღნიშნავს, რამდენიმე თვის წინ მათ მიიღეს წერილი, რომლითაც მათგან ითხოვდნენ სიტყვის – „თავისუფლება“ გამოყენების შეწყვეტას.

„ამ სიტყვას ბექა ბერიძის ტიპოგრაფიით ვიყენებდით წლების განმავლობაში. ძალიან ბევრი ადამიანი გვეკითხებოდა, რატომ შევწყვიტეთ სიტყვის „თავისუფლება“ გამოყენება და რას ვაპირებდით მომავალში. საჯაროდ არ ვავრცელებდით ამ ინფორმაციას, მაგრამ ვემზადებოდით „თავისუფლების“ დასაბრუნებლად. მოვამზადეთ სარჩელი, რომელიც უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია”, – ნათქვამია მათ facebook-პოსტში.