სიტყვიერი დაპირისპირება იყო გორის საკრებულოში - აქციის მონაწილეებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს

პუბლიკა

დღეს დილით გორში, საკრებულოს წინ სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტეტსო აქცია გამართეს.

მათ საკრებულოსთან საპროტესტო აქციებზე ნაცემი ადამიანების ფოტოები მიიტანეს და მოძალადე სპეცრაზმელების დასჯას მოითხოვდნენ.

მოგვიანებით ისინი პროტესტის დასაფიქსირებლად და მოთხოვნის გასაჟღერებლად საკრებულოს სხდომაზე შევიდნენ, რასაც საკრებულოს თავმჯდომარესთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ, მათ „ქვეყნის გამყიდველები“ უწოდა და აქციის მონაწილეები დაცვას გააძევნებინა სხდომიდან.

„კითხვა გვქონდა, როცა ამბობს, რომ  პირდაპირ დაფინანსებას ევროკავშირისგან გორი არ იღებს, რას ნიშნავს არ იღებს? როცა შემიძლია გავიყვანო და ვანახო უამრავი [ევროკავშირის დაფინანსებით] გარემონტებული სკოლა, შემიძლია გავიყვანო და ვაჩვენო კოტეჯები, რომლებიც ევროკავშირის დაფინანსებით აუშენდა დევნილებს…“, – ამბობს „ფორმულას“ ეთერში აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

„საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც პირადად ჩემს ეთერში გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც გაამართლა ოკუპანტები, ე.წ. საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან რომ იტაცებენ ჩვენს მოქალქეებს, არაფერი ამ წლების განბმავლობაში არ უკეთებიათ, გარდა იმისა, რომ ამართლებენ ოკუპანტების აგრესიას, დღეს ჩვენ გვეძახის მოღალეტეებს“, – ამბობს „ფორმულას“ ეთერში აქციის კიდევ ერთი მონაწილე, რომელსაც საკრებულოს დარბაზი დაცვამ დაატოვებინა.

საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ მედიასთან კომენტარში თქვა, რომ „ღალატის უფლება არავის არ აქვს.“

„ევროკავშირმა რაც გააკეთა, ორი იმდენი თან წაიღო…“, – უთხრა ჟურნალისტებს რაზმაძემ. ჟურნლაისტების შეკითხვაზე, დაეკონკრეტებინა, რა წაიღო თან ევროკავშირმა, რაზმაძემ უპასუხა:

„რა წაიღო? უამრავი რაღაცა, თუნდაც ის აგენტები დააფინანსა, რომლებიც დღესდღეობით საქართველოს ებრძვიან.“

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს, კართან დაცვაა მობილიზებული და არც მოქალაქეებს და არც მედიას სხდომაზე შესვლის საშუალებს არ აძლევს.