„სიტყვის ფეტიშები არიან“ - პაპუაშვილი მთავრობის 25 თებერვლის განცხადების კრიტიკაზე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს „TV პირველის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ ახსენებს საქართველოს მთავრობა 1921 წლის 25 თებერვლის ოკუპაციის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში საბჭოთა რუსეთს. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს ყველამ იცის და ეს წერია ყველგან, სადაც კი საუბარია ქვეყნის ოკუპაციაზე.

მან ასევე თქვა, რომ ადამიანების იმ ჯგუფს, რომელიც ამაზე აპელირებენ „სიტყვის ფეტიში“ აქვთ.

„ეს სიტყვის ფეტიშობაა, რომელიც გარკვეულ ჯგუფში არის დამყარებული, აჩვენებს თუ რამდენად რთულად არის ამ ჯგუფის მდგომარეობა თვითონ. … არა თუ სიტყვაში არამედ ეს წერია ჩვენს ისტორიაში და წერია ყველგან, სადაც კი საუბარია ოკუპაციაზე.

… არავის არაფერი არ უჭირს. არსებობს ჯგუფი, რომლებიც არიან სიტყვის ფეტიშები და როცა ვერ ხედავენ რაღაც სიტყვას ემართებათ ამაზე ელეთმელეთი. დღეს უკვე ეს ჯგუფი გადაქცეულია რაღაც სექტად, მათთვის რაღაც რელიგიური დანიშნულება აქვს ამა თუ იმ სიტყვას,”- თქვა შალვა პაპუაშვილმა.


25 თებერვალს საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება. რომელიც 1921 წლის საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღეს ეხება.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში საბჭოთა რუსეთის 11-ე არმიის შემოჭრას და რუსულ ოკუპაციას „ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენად” მოიხსენიებს.