„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (SJC) აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და რედაქტორის, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას აქვეყნებს.
ორგანიზაციის ცნობით, აფგან სადიგოვი უკვე 143 დღეა შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა.
„აფგან სადიგოვმა 2025 წლის 2 თებერვალს, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, აბსოლუტური შიმშილობა გამოაცხადა და უარი თქვა წყლის მიღებაზე. ჟურნალისტის ამ რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი გახდა სასამართლოს მიერ მისი წინასწარი პატიმრობის 3 თვით გაგრძელება, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო დროებითი ღონისძიება, რომელიც კრძალავს მის აზერბაიჯანში გადაცემას.
6 თებერვალს, ოჯახის თხოვნითა და ადვოკატების რეკომენდაციით, აფგან სადიგოვმა თანხმობა განაცხადა წყლის მიღებაზე, თუმცა ამ ეტაპზე ის პროტესტის ნიშნად კვლავ არ იღებს არც წყალს და არც ორგანიზმისთვის საჭირო დანამატებს, რომელიც მას პერიოდულად მისი თანხმობით, გადასხმის მემშვეობით მიეწოდებოდა.
აფგან სადიგოვი უკვე 143 დღეა შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა. ამ დროისთვის მისი წონა 56 კილოგრამია, რაც დაკავების შემდეგ 40 კილოგრამზე მეტით არის შემცირებული. პენიტენციური დაწესებულების ექიმების შეფასებით, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანი შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს.
აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ 2020 წელს, აზერბაიჯანში უკანონოდ მეორედ დაკავების შემდეგ, როდესაც მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მან 242 დღე იშიმშილა. ამ პერიოდის განმავლობაში მისი ჯანმრთელობა იმდენად გაუარესდა, რომ ხანგრძლივი რეაბილიტაცია და საზღვარგარეთ მკურნალობა გახდა აუცილებელი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს:
„შეიქმნას სპეციალური მულტიდისციპლინური კომისია, რომელიც აფგან სადიგოვის მდგომარეობის რეგულარულ მონიტორინგს განახორციელებს და ასევე გააძლიეროს პატიმართან სახელმწიფოს მედიაციისა და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის პროცესი”.
„ოცნების” იუსტიციის მინისტრს ანრი ოხანაშვილს:
„აფგან სადიგოვის უკიდურესად მძიმე მდგომარეობიდან და ასევე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან შინაარსისა და სულისკვეთებიდან გამომდინარე, მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება აზერბაიჯანში მის ექსტრადიციაზე უარის შესახებ, რის შესაძლებლობასაც მას „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის” შესახებ კანონი აძლევს”.