სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება „ქართული ოცნების“ მორიგ რეპრესიულ ნაბიჯს, რომელიც ფრაქციის წევრთა „შეურაცხყოფის კამპანიის“ საბაბით პარტიის ადმინისტრაციულ სარჩელს გულისხმობს.
კერძოდ, სარჩელი დაეფუძნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შეტანილ ცვლილებას, რომლითაც სახელმწიფო თანამდებობის პირის შეურაცხყოფა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდა.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სოციალურ ქსელებში პოლიტიკურ გამოხატვას სიძულვილის ენის პროპაგანდის პრევენციის მიზნით ზღუდავენ, თუმცა SJC მიუთითებს, რომ შეურაცხმყოფელი გამოხატვა ყველა შემთხვევაში არ გულისხმობს სიძულვილის ენის გამოყენებას, მით უფრო, მაშინ, როდესაც მისი შინაარსი პოლიტიკური თანამდებობის პირს მიემართება და გამოხატვის ფარგლებიც შესაბამისად უფრო ფართოა.
„სოციალურ ქსელში პოლიტიკური თანამდებობის პირის მისამართით დაფიქსირებული პოზიცია, თუნდაც ის მწვავე კრიტიკის ან შეურაცხყოფის ფორმას ატარებდეს, არ უქმნის ადრესატს მყისისერ საფრთხეს და არც მის საქმიანობას აბრკოლებს. შესაბამისად, გამოხატვა, რომელიც არ მოიცავს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის მოწოდებასა და რეალურ მუქარას, არ უნდა ექვემდებარებოდეს შეზღუდვას და პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Özlü v. Türkiye თურქეთის ხელისუფლების მიერ სოციალური მედიის საშუალებით გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევა დაადგინა, რადგან ჟურნალისტის მიერ პლატფორმა – Twitter-ზე (ახლანდელ X-ზე) გამოქვეყნებული მკვეთრად კრიტიკული პოსტები, მიუხედავად სიმწვავისა, არ შეფასდა ძალადობის წამახალისებელ მოწოდებად ან სიძულვილის ენის გამოვლინებად. სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები მიემართებოდა სახელმწიფო ორგანოების თანამდებობის პირებს – ოფიციალურ წარმომადგენლებს, ხოლო პოსტების შინაარსი უკავშირდებოდა პოლიტიკურ და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელზეც არსებობდა მაღალი საჯარო ინტერესი“.
სოციალურ სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ ინტერნეტ სივრცეში ცენზურის დაწესება ფიზიკურ სივრცეში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან შედარებით, კიდევ უფრო სახიფათო ტენდენციებს აჩვენებს, რადგან თანამედროვე სამყაროში სოციალური მედია პოლიტიკური აქტივიზმისა და საპროტესტო მოძრაობის ორგანიზების მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა.
მათი შეფასებით, სოციალურ ქსელში პოლიტიკური გამოხატვისთვის მოქალაქეების დასჯა მასობრივი და ავტომატური კონტროლის განცდას აჩენს და მსუსხავი ეფექტი აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზებაზე.
ორგანიზაციის განცხადებით, სოციალური ქსელში გამოქვეყნებული პოსტების მიმართ ცენზურის დაწესება და ამ საფუძვლით მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოება გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.
მათი თქმით, ამ საქმეების წარმოების ტენდენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ყველა მექანიზმს იყენებს კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დევნისა და დასჯისთვის.