„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ეხმაურება 22 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე რკინის ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული პირების საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობას თბილისის საქალაქო სასამართლოში.
400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის პროცესი ისევ გადაიდო. სხდომა ხვალ, 22 ნოემბერს 16 საათზე ჩაინიშნა.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ სასამართლო და პროკურატურა 14 მაისიდან საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის მიმართ მიზანმიმართულად იყენებს ყველაზე მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას – პატიმრობას, რაც ერთმნიშვნელოვნად მართლმსაჯულების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება და პოლიტიკური აქტიურობისთვის სამაგალითო უსამართლო დასჯაა.
საბა მეფარიშვილს და ომარ ოკრიბელაშვილს ბრალი „რუსული კანონის” წინააღმდეგ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე რკინის ჯებირის დაზიანებისთვის სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს.
SJC მიუთითებს, რომ ეს მუხლი ბოლო წლებია საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული პირების მიმართ უკიდურესად პრობლემურად გამოიყენება.
„ამ საქმეზე ზიანი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა 400 ლარია, აქედან 250 ლარი მხოლოდ ჯებირის ღირებულებაა, 150 ლარი კი – მისი აღდგენისთვის საჭირო თანხა. შესაბამისად, მინიმალური ქონებრივი ზიანის პირობებში სასამართლომ საპროტესტო აქციების მონაწილეებს დაუსაბუთებლად შეუფარდა ყველაზე მკაცრი – საპატიმრო ღონისძიება.
რკინის ჯებირის დაზიანებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ ამ ტენდენციის გაგრძელება იყო „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძის საქმეც, რომელსაც 16 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა და რომელიც პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა”. – წერს ორგანიზაცია.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებით, „რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებად ყველაზე მკაცრი ზომის, პატიმრობის გამოყენებას, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მართლმსაჯულების განხორციელებისთვის საფრთხის შემქმნელი თითოეული მიზნის აბსტრაქტული გამოყენება არ უნდა მოხდეს და ის უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ საფუძველს”.
„მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულები გავლენას ვერ იქონიებენ პოტენციურ მტკიცებულებებზე, რაც შესაძლოა საქმეში არსებობდეს, პატიმრობის გამოყენების სხვა გარემოება კი არ დგინდება. ამგვარი ინფორმაციის არარსებობის პირობებში კი დაუსაბუთებელია პატიმრობის გამოყენება და არაპროპორციულია სავარაუდოდ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან“. – აცხადებს SCJ.
ორგანიზაცია ასევე ხაზს უსვამს, რომ 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებულების პროცესები 2-თვიანი შუალედებით ინიშნებოდა სასამართლოში, ბოლო ორი სხდომა კი მოსამართლე ნათია გუდაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.
ბოლო პროცესი 23 სექტემბერს ჩატარდა, წინასწარი პატიმრობის გადასინჯვის კანონით დადგენილი მაქსიმალური 2-თვიანი ვადა სასამართლომ სრულად გამოიყენა, რადგან ეს ვადა 23 ნოემბერს იწურება.
„სასამართლო განხილვების გადადება პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას ემსახურება, ვინაიდან სხდომები არ დასრულდეს მანამ, სანამ პრეზიდენტისგან შეწყალების შესაძლებლობა არსებობს”, – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
ორგანიზაცია საყბრობს „ამნისტიის კანონზეც”, რომელიც პარლამენტმა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო და რომელიც არ შეხებია სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების მუხლს.
„ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანება/განდაგურებისთვის პასუხისმგებლობა 2023 წლის ივნისში გამკაცრდა, რის შემდეგაც პატიმრობის მაქსიმალურმა ვადა 5 წლიდან 6 წლამდე გაიზარდა. თუმცა, ცვლილებების მიზანშეწონილობა და დასაბუთება არც კანონის პროექტის განმარტებით ბარათში არის მოცემული და არც საჯაროდ გაკეთებულა.
ეს მუხლი გამოიყენა პროკურატურამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე და სასამართლომ ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე მოძრაობა „ხმის“ აქტივისტების საქმეებზეც. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი მკაცრი და არაპროპორციული სასჯელის საფუძვლით გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოშიც.
ეს საქმე კიდევ ერთხელ ააშკარავებს ერთი მხრივ უსამართლო სისხლის სამართლის პოლიტიკასა და არაპროპორციულად მკაცრ სასჯელებს, მეორე მხრივ კი ცხადად მიუთითებს პროკურატურისა თუ სასამართლოს პოლიტიზირებაზე.
„რუსული კანონის” აქციებზე დაკავებული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი მექანიზმების სრული სიმკაცრით გამოყენება კრიტიკული აზრის ჩახშობის დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა. რეჟიმი ლეგიტიმაციის შენარჩუნებას და საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრას სისხლის სამართლის არაპროპოციული და უსამართლო კანონმდებლობის გამოყენებით ცდილობს”. – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” და კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მხოლოდ სარწმუნო და ობიექტურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ოპტიმალურ ვადაში გამოიტანოს საბოლოო გადაწყვეტილება ომარ ოკრიბელაშვილის და საბა მეფარიშვილის მიმართ.