„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (SJC) ეხმაურება „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ჭიათურაში მიმდინარე პროტესტში მონაწილე მაღაროელები სამსახურიდან „საბოლოოდ დათხოვილ თანამშრომლებად“ გამოცხადდნენ.
კომპანიის განცხადებით, სამსახურიდან ათავისუფლებენ იმ თანამშრომლებს, რომლებთანაც ვერ მოხერხდა შრომითი ურთიერთობის გაგრძელება.
SJC აღნიშნავს, რომ კომპანია მაღაროელებისგან მოითხოვს ისეთ დოკუმენტზე ხელმოწერას, რომელშიც წარმოდგენილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ეს დოკუმენტია განცხადება, რომლის მიხედვით დასაქმებულები თანხმობას აცხადებენ რეორგანიზაციის პროცესზე და გადადიან სამსახურის მაძიებელთა რიგებში. განცხადება არ შეიცავს ინფორმაციას, თუ რომელ განყოფილებებს და პოზიციებს ეხება რეორგანიზაცია და რა სახის ცვლილებებს გამოიწვევს იგი განცხადების ხელმომწერი დასაქმებულისათვის.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დასაქმებულები გაეცნენ განცხადების ქვემოთ ჩამოთვლილი კომპანიების ახალ საშტატო ნუსხას, ვაკანტურ პოზიციებს, სამუშაო აღწერილობებს, ასევე თითოეული პოზიციის შრომითი ურთიერთობის ყველა არსებით პირობას, მათ შორის, სამუშაო საათებს“, რაც არ მომხდარა.
ზემოაღნიშნული დოკუმენტის პრობლემურობაზე მეტყველებს, ასევე, მასთან დაკავშირებით კომპანიის ახალი ხელმძღვანელის, მიხეილ სოცკის წინააღმდეგობრივი განცხადებები მაღაროელებთან 20 მაისს გამართულ შეხვედრაზე. მაღაროელის შეკითხვაზე, თუ რა ბედი ეწეოდათ იმ მაღაროელებს, რომლებსაც ამ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ, მიხეილ სოცკიმ თავდაპირველად განაცხადა, რომ მაღაროელები „შეცდომაში შეიყვანეს“ და „ერთადერთი ხელმოწერა, რაც არსებობს, არის ხელმოწერა ხელშეკრულებაზე“.
თუმცა მას შემდეგ, რაც მაღაროელებმა მეტი განმარტება მოითხოვეს ამ საკითხთან დაკავშირებით, მან აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტზე გაკეთებული ხელმოწერების საფუძველზე მომზადდება ხელშეკრულების დანართები. ეს იმას ნიშნავს, რომ მაღაროელებისგან წინასწარ იღებენ თანხმობას (ხელმოწერას) შრომის პირობების არსებით საკითხებზე, რომლებიც ჯერ მათთან შეთანხმებული არ არის და რომელთა შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ. იმ მაღაროელებს კი, რომლებმაც დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს და უარი განაცხადეს მათი უფლებების უხეშად შელახვის პროცესში მონაწილეობაზე, სამსახურიდან უშვებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ასეულობით მაღაროელი საბაზისო შემოსავლის გარეშე დარჩა, რამაც ჭიათურაში მწვავე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.
ასევე, შრომის ანაზღაურების დაგვიანებამ გამოიწვია საბანკო ვალდებულებების შესრულების დაგვიანება, რის შედეგადაც მაღაროელებს გაეზარდათ ბანკისგან აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთი – ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოუწოდებს:
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“
- შეწყვიტოს რეორგანიზაციისა და მაღაროელების მასობრივი დათხოვნის უკანონო პროცესი;
- დაუყოვნებლივ გადაუხადოს მაღაროელებს სახელფასო დავალიანება;
- მოლაპარაკებები აწარმოოს ბანკებთან მაღაროელების საბანკო ვალდებულებების შემსუბუქებასთან დაკავშირებით;
შრომის ინსპექციის სამსახურს:
- რეაგირება განახორციელოს ,,ჯორჯიან მანგანეზში’’ დასაქმებული მაღაროელების შრომითი უფლებების მძიმე დარღვევებთან, მათ შორის, შრომის ანაზღაურების დაგვიანებასთან და მასობრივი გათავისუფლების უკანონო პროცესთან დაკავშირებით;
ორგანიზაცია ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ შეხვდნენ პროტესტში მონაწილე მაღაროელებს და მოისმინონ მათი ხედვებიკრიზისიდან გამოსავლის გზებთან დაკავშირებით.
19 მაისს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ (CMC) განცხადება გაავრცელა, რომ ის მაღაროელები, რომლებთანაც „სხვადასხვა მიზეზით“ ვერ მოხერხდა შრომითი ურთიერთობების გაგრძელება, საბოლოოდ დათხოვილ თანამშრომლებად განიხილებიან.
განცხადება კომპანიამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც CMC-ის მმართველმა, მიხაილ სოცკიმ მაღაროელებს მოლაპარაკება შესთავაზა, 19 მაისს კი კომპანიას მაღაროელთათვის საბოლოო პასუხი უნდა ეთქვა.
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ განცხადებაში ამტკიცებს, რომ „დათხოვილ თანამშრომლებს” აუნაზღაურდებათ როგორც ერთთვიანი კომპენსაცია, ისე 2025 წლის 27 აპრილამდე დარიცხული სახელფასო თანხა.
რაც შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც საწარმოში მუშაობას აგრძელებენ, კომპანია ამბობს, რომ 2-3 კვირაში დაიწყებს მარტი-აპრილის სახელფასო დავალიანების ეტაპობრივ ანაზღაურებას.
მაღაროელები ამბობენ, რომ განცხადებაში არ ჩანდა კომპანიის მხრიდან პროცესების გულთან მიტანის მცდელობა, თუმცა ამის მოლოდინი ჰქონდათ. მათი განცხადებით, ბრძოლა არ დასრულებულა.
28 თებერვლიდან ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება, თუმცა პროტესტი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც 23 აპრილს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით რეორგანიზაცია დაიწყო“.
კომპანიის მტკიცებით, თანამშრომელთა შერჩევა წარიმართება შიდა კონკურსის სახით და მოიცავს სამ ეტაპს:
- თანამშრომელთა განაცხადების მიღებას განახლებულ საშტატო პოზიციებზე;
- თანამშრომელთა ინდივიდუალურ კომისიურ გასაუბრებას;
- გასაუბრების შედეგების შეჯერებიდან გამომდინარე კონკრეტული თანამშრომლების შერჩევას.
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაღაროები ეტაპობრივად მაისის ბოლომდე გაიხსნება. ასევე, მათივე განცხადებით, „2026 წლის პირველი იანვრისთვის კომპანიამ უნდა დაძლიოს ფინანსური კრიზისი, აღარ იფუნქციონიროს ზარალზე და დაიწყოს სტაბილური ოპერირება”.
მანამდე, 22 აპრილს კომპანიამ განაცხადა, რომ ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა და წარმოების განახლების პროცესს „მაღალკვალიფიციური მენეჯერი“ მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს.
24 აპრილს მაღაროელებმა გაასაჯაროვეს „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიღებული განაცხადების ფორმები და იმ მაღაროელებს, რომლებიც „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” მიერ გამოცხადებული მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენისა და კომპანიის რეორგანიზაციის პროცესში მონაწილეობას აპირებენ, მოუწოდეს, არ მოაწერონ ხელი გათავისუფლების წერილს.
მაღაროელთა განცხადებით, კომპანია მასობრივი დათხოვნის პროცესს უკანონოდ ატარებს და ამის გადასაფარად დასაქმებულებს სთხოვენ, თვითონ მოითხოვონ გათავისუფლება.
პროტესტის მონაწილეები ქალაქში მთავრობის წარმომადგენლების ჩასვლას და კრიზისის მოგვარებაში მათ უშუალო ჩართულობას მოითხოვენ. მაღაროელები კომპანიის მიერ გამოცხადებულ რეორგანიზაციას არ ეთანხმებიან.
ისინი ასევე უნდობლობას უცხადებენ კომპანიის ახალ წარმომადგენელს, რუსეთის მოქალაქე მიხეილ სოცკის. საინიციატივო ჯგუფის წევრების ცნობით, სახელმწიფოს ჩარევისა და გარანტიების მიღების გარეშე არ განიხილავენ კომპანიასთან თანამშრომლობის აღდგენას.