sjc: „ოცნება“ არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენებით სტუდენტური პროტესტის ჩახშობას ცდილობს

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, „ოცნება“ არაკონსტიტუციური ნორმის გამოყენებით სტუდენტური პროტესტის ჩახშობას ცდილობს.

ორგანიზაცია თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების დაჯარიმებას ეხმაურება.

ორგანიზაციის განცხადებით, კანონში შესული ცვლილება, რომლის საფუძველზეც შსს-მ სტუდენტები დააჯარიმა, არაკონსტიტუციურია და ემსახურება პროტესტში ჩართულ პირთა დასჯის და დაშინების მიზანს.

„შეკრებისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული ძირითადი უფლებებია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დაექვემდებაროს.

უნივერსიტეტი მისი ფუნქციიდან გამომდინარე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებით სარგებლობისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს და უნივერსიტეტის ჭერქვეშ პროტესტი დაცულია შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური გარანტიით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ხელს არ უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.

სასწავლებლის ფოიეს ნაწილში პროტესტის წარმართვა, მით უმეტეს, შესასვლელის ბლოკირების გარეშე, ხელს არ უშლის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას და არ აფერხებს მის ნორმალურ ადმინისტრაციულ ფუნქციონირებას. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, სტუდენტებისთვის საპროტესტო სივრცის შეზღუდვისა, უნდა ჩაითვალოს შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევად.

სამწუხაროა, რომ ნაცვლად იმისა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია წარმოადგენდეს სტუდენტთა ინტერესების გამტარ რგოლს და მათ დამცველს, იგი ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნის სტუდენტებს პროტესტის განხორციელების პროცესში. უფრო მეტად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ადმინისტრაცია ვერ ახერხებს სტუდენტებთან სახელმწიფოს რეპრესიული აპარატის გარეშე კომუნიკაციას. უნივერსიტეტის ჭერქვეშ ადმინისტრაციის მიერ სტუდენტების დაჯარიმების მიზნით პოლიციის გამოძახება, აზიანებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, მის სახელოვნებო რეპუტაციას და წარმოადგენს საპოლიციო მექანიზმებით სტუდენტური ცხოვრების მართვის საგანგაშო პრაქტიკას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, მისცეს სტუდენტებს შესაძლებლობა, თავად შეარჩიონ პროტესტის ადგილი უნივერსიტეტის ჭერქვეშ, რომელიც ხელს არ შეუშლის უნივერსიტეტის ფუნქციონირებას, ამავდროულად, იქნება პროტესტის გამოხატვის ეფექტიანი მექანიზმი. მოვუწოდებთ თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს და მის რექტორს, რომ გასცენ წინასწარი წერილობითი თანხმობა უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ პროტესტის გაგრძელების თაობაზე და დაიცვან ისინი შემდგომი უსამართლო დაჯარიმებისგან“, – აცხადებს ორგანიზაცია.


თეატრალურ უნივერსიტეტში პოლიცია დღეს სამჯერ მივიდა.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ უნივერსიტეტმა დილას შენობის დეზინფექცია ისე დაიწყო, სტუდენტებისთვის წინასწარ არ უცნობებია. შეწამვლის დაწყების შემდეგ უნივერსიტეტის დაცვამ მათ ალტერნატიულ სივრცეში გადასვლა მოსთხოვა. სტუდენტები აცხადებენ, რომ მათ მიერ შეთავაზებული სივრცე პატარაა და სხვა სივრცეც არსებობს, რომელიც უფრო დიდი და მისაღებია, თუმცა დაცვა სტუდენტებს ამ სივრცის გამოყენებაზე უარს ეუბნება.

ამ საკითხზე სტუდენტებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც უნივერსიტეტმა პოლიცია გამოიძახა. სტუდენტებთან და ადმინისტრაციასთან გასაუბრების შემდეგ პოლიციამ შენობა დატოვა.

დაახლოებით, საათ-ნახევარში პოლიცია უნივერსიტეტში დაბრუნდა.

პოლიციელებმა ცალ-ცალკე მოახდინეს სტუდენტების იდენტიფიცირება და შეკრების კანონის მე-9 და მე-11 მუხლის დარღვევის საფუძვლით საჯარიმო ქვითრები გამოუწერეს. მუხლის დარღვევა 5000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

ამის შემდეგ პოლიცია უკვე მესამედ დაბრუნდა და ადვოკატის ცნობით, შენობის დატოვება მოითხოვა.