SJC: ქალ პოლიტიკოსებზე სექსისტურად თავდასხმა მათ საფრთხის შემცველ გარემოს უქმნის

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება ქართული ოცნების წევრების მხრიდან პარლამენტში ქალი პოლიტიკოსების მიმართ სექსისტური ენის გამოყენების უმძიმეს ფაქტებს და მიიჩნევს, რომ ამგვარი ვერბალური თავდასხმები მტრულ და საფრთხის შემცველ გარემოს ქმნის ქალი პოლიტიკოსებისთვის, მათ გაჩუმებასა და დასუსტებას ისახავს მიზნად და პოლიტიკური სექსიზმის და უკულტურობის უმძიმესი გამოვლინებაა.

31 ოქტომბერს „ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტში, სხდომათა დარბაზში გენდერული ნიშნით შეურაცხყოფა მიაყენა „ნაციონალური მოძრაობის“  წევრს, ანი წითლიძეს, „ოცნების“ კიდევ ერთმა წევრმა, ირაკლი ბერაიამ კი – თეონა აქუბარდიას. დეპუტატი კაცების კომენტრები იყო სექსისტური, ქალებისთვის „შეუფერებელ ქცევაზე აქცენტით”.

პარლამენტის თავმდჯომარეს მათთვის მიკროფონი არ გაუთიშავს.

„სოციალური სამართლანობის ცენტრი” მიუთითებს, რომ ამ დრომდე პარტია “ქართულ ოცნებას”, რომელსაც ასევე აქვს ქალთა ორგანიზაცია პარტიის შიგნით, მისი წევრის მხრიდან გენდერული სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე შიდა რეაგირება არ მოუხდენია. განცხადება არ გაუკეთებია, არც პარტიის ქალთა ორგანიზაციას.

„საქართველოში ქალი პოლიტიკოსები ხშირად ხდებიან მორალური კრიტერიუმებით თავდასხმების სამიზნეები. საჯარო სფეროში აქტიური ქალების მიმართ გამოყენებული გენდერული სიძულვილის ენის მიზანი ხშირად საჯარო საქმიანობის გარკვეული სფეროებიდან ქალების მიზანმიმართული გამორიცხვაა.

პოლიტიკურ სექსიზმს და მასთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს შეუძლია გავლენა მოახდინოს საზოგადოების მიერ ქალი პოლიტიკოსების აღქმაზე. ისინი შეიძლება შეხვდნენ კრიტიკას ან დაკვირვებას მათი გარეგნობის, მანერების, პირადი ცხოვრების ან ლიდერის როლებისთვის აღქმული ვარგისიანობის საფუძველზე. პოლიტიკური სექსიზმი ამკვიდრებს ორმაგ სტანდარტებს ქალი პოლიტიკოსების მიმართ, როცა ისინი შეიძლება უფრო მკაცრად გააკრიტიკონ თავიანთი ქმედებების, ენის ან ქცევის გამო. ამგვარმა რიტორიკამ და კლიმატმა შეიძლება გამოიწვიოს ქალი პოლიტიკოსების ობიექტივიზირება მედიაში ან საჯარო დისკურსში, რაც ყურადღებას გადაიტანს მათი პოლიტიკური პოზიციებიდან და შესაძლებლობებიდან, მათ პირად ცხოვრებაზე. ამასთან, ამგვარმა ნეგატიურმა რიტორიკამ შესაძლოა ქალი პოლიტიკოსების მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციისა და შევიწროების ხელშემწყობი გარემო შექმნას”. – აცხადებს ორგანიზაცია.

SJC მოუწოდებს:

  • ირაკლი ბერაიას, გადადგეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან, მისი მოადგილის მიმართ გამოყენებული მტრული, შეურაცხმყოფელი და მიზოგინიური შინაარსის გამო;
  • არლამენტის ეთიკის კომისიას, შეისწავლოს პარლამენტის წევრების მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის ფაქტები და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი რეაგირებისთვის;
  • პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, გამოეხმაუროს და მკაფიოდ დაგმოს პოლიტიკოსი ქალების მიმართ მმართველი გუნდის წევრების მხრიდან სექსისტური და სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევა. შეიმუშავოს წინადადებები და ღონისძიებები პარლამენტში ამგვარი კლიმატის შესაცვლელად, პარტიებსა და ფრაქციებს შორის სიძულვილის ენის არგამოყენებაზე პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად;
  • საქართველოს პარლამენტს, ეთიკის კოდექსში შეიტანოს ცვლილებები და გააძლიეროს სიძულვილის ენაზე რეაგირების ეფექტიანი და უფრო მკაცრი მექანიზმები;
  • პოლიტიკურ პარტიებს, მიაღწიონ ინტერპარარტიულ შეთანხმებას წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის არგამოყენებაზე და წაახალისონ ამისთვის საჭირო შიდა პარტიული თვითრეგულირების მექანიზმების ამუშავება, რომელიც ისედაც პოლარიზებულ და მტრულ პოლიტიკურ კლიმატს განმუხტავს და კომუნიკაციის ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.