SJC: რუსული კანონის მიღება საქართველოს შეუქცევადად დააყენებს ავტორიტარულ რეჟიმად გარდაქმნის გზაზე

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოეხმაურა საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს „ქვეყნები გარდამავალ პროცესში” (Nations in Transit), რომელშიც ნათქვამია, რომ 2023 წელს საქართველო „ავტოკრატიზაციისკენ მიდრეკილ ჰიბრიდულ რეჟიმად” კლასიფიცირდა. 

SJC-ის განცხადებით, ამ ფონზე რუსული კანონის მიღება საქართველოს „შეუქცევადად დააყენებს ავტორირარულ რეჟიმად გარდაქმნის გზაზე”.

„ანგარიშში გაკეთებული დასკვნების მიხედვით, კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ 2024 წელს „რუსული კანონის” მიღება საქართველოს შეუქცევადად დააყენებს ავტორიტარულ რეჟიმად გარდაქმნის გზაზე და განუსაზღვრელი ვადით შეზღუდავს ქვეყნის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პერსპექტივას. Სწორედ ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ” პატივი უნდა სცეს 2023 წლის საზოგადოებრივი პროტესტის მონაპოვარს და საბოლოოდ თქვას უარი  კანონპროექტის მხარდაჭერაზე”, – ნათქვამია განცხადებაში. 

 

Freedom House -ის დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველო ავტოკრატიზაციისკენ მიმავალი ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაშია და აღნიშნულია, რომ ის, უნგრეთსა და სერბეთთან ერთად, ნახევრად-კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ქცევის გზაზეა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის მეთოდოლოგიით გამოიკვეთა, რომ საკვანძო ინსტიტუციები, დაწყებული მედიიდან სასამართლომდე, გასცდნენ პოლიტიზების იმ დონეს, რაც ჰიბრიდული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი და ახლა მოქცეულნი არიან მმართველი პარტიების ხელში მათი პარტიული და პირადი ინტერესების გამოსაყენებლად.

ანგარიშის თანახმად, ამ კატეგორიაში მოქცეული ჰიბრიდული რეჟიმების დროს ოპოზიციისა ან სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის სივრცე არსებობს, თუმცა მმართველ პარტიას აქვს შესაძლებლობა ხელმძღვანელობაში ნებისმიერი ცვლილების შესაჩერებლად.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ კატეგორიაში მოქცეულ ქვეყნებში სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის მიერ მთავრობის პოლიტიკაზე გავლენის შესაძლებლობა ლიმიტირებულია. ანგარიშში სერბეთის მაგალითზე აღნიშნულია, რომ მსგავსი რეჟიმები პრაქტიკაში ისეთ ფარულ მიდგომებს იყენებენ, როგორებიცაა, დაშინება, დახშობა, თვალთვალი.

 

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.