„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ შალვა პაპუაშვილის მუქარას გამოეხმაურა, რომელშიც პაპუაშვილი „პუბლიკის“ მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ პროდუქტს სისხლის სამართლის დანაშაულის რეკლამირებად აფასებს და მიუთითებს როგორც „პუბლიკის“, ასევე ევროკავშირის პასუხისმგებლობაზე.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, „პუბლიკა“ არის სანდო, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული მედიაპლატფორმა, რომელიც უწყვეტად აშუქებს საზოგადოებრივ პროცესებს, უწყვეტ პროტესტს და იბრძვის მედიის თავისუფლებისთვის. მათივე თქმით „პუბლიკა“ მონაწილეობს მზია ამაღლობელის გათავისუფლების კამაპანიაში.
ორგანიზაცია წერს, რომ პაპუაშვილის განცხადება მედიაზე ზეწოლის და მუქარის აშკარა მცდელობაა. მათი თქმით, განსაკუთრებით მიუღებელია მისი მხრიდან კრიტიკული მედიის საქმიანობის შინაარსში ჩარევა და შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მმართველი პარტია მედიის მიერ პროტესტის გაშუქებას დანაშაულის რეკლამირებად აღიქვამს, რაც თავისუფალი მედიისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს სრულად ეწინააღმდეგება.
„სწორედ „ქართული ოცნება” ცდილობს მშვიდობიანი პროტესტის კრიმინალიზებასა და დასჯას. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ თბილისის მოლთან დაგეგმილ აქციამდე ორი დღით ადრე „ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის 23 ოქტომბრის დადგენილებაში შეიტანა ცვლილებები, რომლითაც საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები „სტრატეგიულ ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების” სიაში შეიყვანა და ამით თბილისის მოლთან დაგეგმილი პროტესტის სისხლის სამართლის წესით დასჯა განიზრახა.
ჩვენი მტკიცებით, სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი, რომელზეც ხელისუფლება აპელირებს, არაკონსტიტუციურია, რადგან, ერთი მხრივ, არ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის პრინციპს, ხოლო მეორე მხრივ, აღმასრულებელ ხელისუფლებას დადგენილების მიღებისა და მასში ცვლილებების გატარების გზით დანაშაულის შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრის უფლებამოსილებას ანიჭებს, რაც დაუშვებელია.
გუშინ ვიხილეთ, რომ ხელისუფლებამ თბილისის მოლთან დაგეგმილი აქციის აღკვეთის მიზნით 4 აქტივისტის საცხოვრებელ ბინებში ჩაატარა უკანონო და დაუსაბუთებელი ჩხრეკა, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანი დააკავეს.
დღეს, როდესაც მედია ავტორიტარული ოლიგარქიული რეჟიმის განსაკუთრებული სამიზნეა, ჟურნალისტებზე ძალადობის ათეულობით შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო მმართველი პარტიის რიტორიკა აშკარად მტრულია კრიტიკული მედიის მიმართ, “პუბლიკას” წინააღმდეგ გაჟღერებული მუქარა განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ დევნის ხელისუფლება განსხვავებული აზრის მქონე მედიას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს “პუბლიკას” რედაქციას და სამუშაო გუნდს. ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, მათი დაცვისთვის გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი“, – აცხადებს ორგანიზაცია.
„ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა 1 თებერვალს გააზიარა „პუბლიკის“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტი – ქარდი, რომელიც „თბილისი მოლთან“ აქციის ანონსს შეეხება და დაწერა, რომ „პუბლიკა“ რეკლამირებას უწევს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას და აანონსებს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას“.
„პუბლიკა“ შალვა პაპუაშვილის ამ თავდასხმას მუქარად აღიქვამს.
პაპუაშვილი ცდილობს, რომ ინფორმაციის გავრცელება დანაშაულის დაანონსებად წარმოაჩინოს და რატომღაც ევროკავშირის საელჩოს აკისრებს „წინასწარ დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგებზე პასუხისმგებლობას“.
,,პუბლიკა” ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს და ა.შ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ,,პუბლიკამ” დღეს გააშუქა ბრძანება, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო მნიშვნელობის გზები სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შევიდა და საზოგადოებას განუმარტა, რომ მისი ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე გაშუქდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციული განცხადება დაანონსებულ აქციაზე.
შალვა პაპუაშვილი ცდილობს ზეწოლას სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს სიძულვილს და ძალადობას, რაც დასტურდება მის პოსტზე კომენტარებით. პაპუაშვილის ამ განცხადებას ,,პუბლიკის” თანამშრომლები აღვიქვამთ მუქარად.