სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი, საელჩო და პოლიტიკოსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

პუბლიკა

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის ამ დღეს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ დაამტკიცა.

წელს, ამ თარიღიდან 105 წლის შემდეგ, დამოუკიდებლობის დღე საქართველოს მიულოცა სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საელჩომ, ასევე ლიდერებმა და პოლიტიკოსებმა. საქართველოს დროშის ფერებში არაერთ ქალაქში განათდა ღირსშესანიშნავი ადგილებიც. პოლიტიკოსებსა და სხვადასხვა ქვეყნის უწყებებს შორის, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, იყვნენ:

ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი:

შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, წინ წაიწიოს დემოკრატიული განვითარების კუთხით, ებრძოლოს კორუფციას, გააძლიეროს კანონის უზენაესობა, მოახდინოს ეკონომიკის დივერსიფიკაცია და ააშენოს უკეთესი მომავალი. ჩვენი ქვეყნები ერთად მოშაობდნენ, რომ მოეტანათ სტაბილურობა და მშვიდობა საქართველოში, რეგიონსა და მსოფლიოში.

დღეს, ქართველებისთვის ყველგან აღსანიშნავ დღეს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების ერთგულებას, რათა დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, წარმატებული, ევროპული დემოკრატია, რომელიც მის მოქალაქეებს სურთ და ასე ძალიან იმსახურებენ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს:

ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა ეფუძნება ურთიერთდახმარებასა და პატივისცემას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი მტაცებლური შეიარარებული აგრესიის პირობებში.

ჩვენი სახელმწიფო ასევე ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს და გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას, დააბრუნებენ სამართლიან მშვიდობას უკრაინასა და საქართველოში და უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს:

დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ასაშენებლად, საუკუნეზე მეტი ხნის წინ, ამ დღეს ქართველმა ხალხმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებლობის აღდგენისკენ და დღესაც მტკიცე ნაბიჯებით აგრძელებს ამ გზას.

საქართველოსთან ურთიერთსასარგებლო და მეზობლური ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს შორისაა და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ყველა მიმართულებით გაგრძელდება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს:

დღეს არის კარგი შესაძლებლობა, განვავითაროთ ჩვენი ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა და ჩვენი პარტნიორობა უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ, რაც მოემსახურება ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობას და ჩვენი რეგიონის აყვავებას.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ტრადიციული მეგობრული კავშირები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის და გავაფართოოთ ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთქმედებები ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ჩვენი ხალხების ინტერესების შესაბამისად.

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III პრეზიდენტს:

მსურს, ჩემი თბილი მილოცვა გავუგზავნო მის აღმატებულებას და ქართველ ხალხს თქვენი ქვეყნისთვის ამ განსაკუთრებულ დღეს, როცა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავთ.

მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის ჩვენი თბილი მეგობრობის და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას ამ გამოწვევებით სავსე დროში.

რომის პაპი ფრანცისკე:

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, თქვენს აღმატებულებას ვუგზავნი ჩემს მილოცვასა და მხურვალე სურვილს თქვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და გულების გაერთიანებისთვის, განსაცდელის დროს.

ვევედრები უფალს, რომ თქვენი ერი, რომელიც საზრდოობს სახარებისეული ფასეულობებით, დარჩეს სანიმუშო და მგრძნობიარე ყველაზე ღარიბთა ტანჯვის მიმართ და შეძლოს რეაგირება მოახდინოს ქველმოქმედებით.

ყოვლისშემძლე ღმერთმა, წმინდა გიორგის შუამდგომლობით, თქვენს თანამოქალაქეებს მიანიჭოს უსაფრთხოდ და მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა.

სვიატლანა ციხანოუსკაია, ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი:

გულითადად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს ამაყი ხალხი იმსახურებს, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და ააშენოს აყვავებული ცხოვრება მშვიდობიან, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში ჩვენი მეგობრების ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და ევროპულ მისწრაფებებს.

ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტარი:

როგორც საქართველოს დიდი მეგობარი და დიდი გულშემატკივარი, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ტაში დაგიკრათ და მოგილოცოთ.

ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას დამოუკიდებლობის სრულად მიღწევამდე. ეს არ არის ადვილი იმ დროს, როდესაც შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს კვლავ სხვა [რუსეთი] მიმართულებით უბიძგებენ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ჩვენ ევროპის პარლამენტში გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ევროპისკენ მიმავალ გზაზე!

ლიეტუვის საგარეო:

საქართველო, გილოცავთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 105 წლის იუბილეს. ქართველი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი დღეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 1918 წელს. ლიეტუვა ულოცავს ხალხს!

ლატვიის საგარეო:

ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! გულითადად ვუსურვებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას! ლატვიის კავშირები საქართველოსთან დამყარებულია თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებზე. ქართველებს ვუსურვებთ წარმატებებს ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე

ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი:

დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე თქვენ უდიდესი სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით, მაგრამ თქვენ ყოველ ჯერზე აჩვენეთ ურყევი ნება და სწრაფვა სახელმწიფოებრიობისკენ. თქვენ განუწყვეტლივ მიისწრაფვით პროგრესისკენ, რათა შექმნათ საზოგადოება, სადაც თითოეული მოქალაქე იქნება ღირებული და დაცული.

ისრაელსა და საქართველოს შორის კავშირი და მეგობრობა უნიკალურია, და ის საერთო ღირებულებებით არის განმტკიცებული. ჩვენ ორივეს გვესმის თუ რაოდენ ძვირფასია სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა.

გერმანიის საელჩო:

გერმანიის საელჩო გულითადად ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებთ საქართველოს თავისუფლებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ევროკავშირთან ერთად!