სკოლის დირექტორობის კანდიდატების პროტესტი მასწავლებლის პრემიის პარალელურად

პუბლიკა

მაია ეკალაძემ და დავით ფერაძემ მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების პარალელურად საპროტესტო პერფორმანსი მოაწყვეს.

დაჯილდოება ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში მიმდინარეობს.

მასწავლებლის ეროვნული პრემია განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ჯილდოა.

დაჯილდოების პარალელურად შენობასთან სკოლის დირექტორობის კანდიდატები, მაია ეკალაძე და დავით ფერაძე მივიდნენ და უწყების პოლიტიკა გააპროტესტეს.

ეკალაძემ და ფერაძემ ადგილზე მიიტანეს დიმანიკი, საიდანაც ისმოდა საპროტესტო მოწოდებები.

ასევე, ხელში ეკავათ პლაკატები წარწერებით:

„არა ნეპოტიზმს, არა კორუფციას”.

„მოითხოვეთ მაღალი სტანდარტი დირექტორობის კანდიდატებისგან”.

„მე პროტესტს ვაგრძელებ დიდი ხანია, წელიწადზე მეტია უკვე. 27 მარტიდან განათლების სამინისტროსგან ვითხოვთ პასუხს დირექტორების კონკურსზე პასუხისმგებელ პირთან შეხვედრას და პასუხისგებას იმ მასკარადზე, რაც ჩაატარეს და გაიმეორეს – ორჯერ და მეტჯერ ჩაგვაბარებინეს გამოცდები და მაინც ნეპოტისტურად დანიშნეს დირექტორები. ეს არის ჩვენი პროტესტის მიზეზი.

ხოლო ის, რომ 13 სექტემბერს გადმოიტანეს შარშან 27 ოქტომბერს დანიშნული მასწავლებლის დღე. ეს ძალიან სამარცხვინოა და რასაკვირველია, პირდაპირ უკავშირდება არჩევნებს”. – თქვა მაია ეკალაძემ.

მაია ეკალაძე გასულლი წლის ნოემბერში განათლების სამინისტროსთან შიმშილობდა მოთხოვნითა და იმედით, მინისტრ გიორგი ამილახვარას ყურადღება გამოეჩინა. მას ჩაბარებული აქვს დირექტორობისთვის საჭირო გამოცდები, ასევე, 2023 წელს გაიარა შესაბამისი კონკურსი და გასაუბრება, თუმცა, გასაუბრების შემდეგ უთხრეს, რომ ვერ გაიარა სერტიფიცირების ეტაპი.

მისი სიტყვებით, 500-მდე სერტიფიცირებული კანდიდატიდან 390 დაბლოკეს.

მაია ეკალაძეს არ აქვს პასუხი კითხვაზე, რომელ კრიტერიუმთან მიმართებით დაიწუნეს მისი კანდიდატურა და გასაუბრების ფორმატში როგორ შეფასდა ამ კრიტერიუმებთან მისი კანდიდატურის შესაბამისობა.

ეკალაძეს დღესაც მიაჩნია, რომ უსამართლოდ ეთქვა უარი დირექტორის სერტიფიკატზე. სამინისტროს გადაწყვეტილება სასამართლოშიც გაასაჩივრა და გასაუბრების ხელახალ ჩატარებაც მოითხოვა – ჯერჯერობით, უშედეგოდ.

რაც შეეხება მასწავლებლის ეროვნული პრემიას – პირველი ღონისძიება 2023 წელს ჩატარდა მას შემდეგ, რაც შესაბამისი ცვლილებები შევიდა ზოგადი განათლების შესახებ კანონში. ჯილდოვდება 10 მასწავლებელი საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის — მათ გადაეცემათ სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით. 2023 წელსვე 27 ოქტომბერი – იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე გამოცხადდა მასწავლებლის დღედ.

ეს არ არის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომელიც 2017 წლიდან ყოველწლიურად იმართება, გლობალური კამპანიის ნაწილია და განათლების კოალიცია წარმოადგენს.