სკოლის მასწავლებელთა დეკრეტული შვებულება 6 თვის ხელფასით დაფინანსდება - მინისტრი

პუბლიკა

სკოლის მასწავლებელთა დეკრეტული შვებულება 6 თვის ხელფასით დაფინანსდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისი განმარტებით, აქამდე, პედაგოგებს დეკრეტული შვებულებისთვის მხოლოდ 1000 ლარის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. ჯანდაცვისა და განათლების კომიტეტებთან კონსულტაციით კი მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.

მისივე თქმით, საერთო ჯამში, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება იზრდება 370 მილიონი ლარით და შეადგენს 2 მილიარდ  550 მილიონ ლარს.

„სკოლამდელი განათლების დაფინანსება შეადგენს 490 მილიონ ლარს და გათვალისწინებულია საბავშვო ბაღის პერსონალის ხელფასების 100 ლარით ზრდა. ზოგადი განათლების დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ 655 მილიონ ლარს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სტატუსის მქონე მასწავლებელთა, ასევე, სპეციალურ მასწავლებელთა დანამატის ზრდა 125 ლარით. სკოლების ადმინისტრაციული-ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა 10%-ის ოდენობით, სკოლის მანდატურის ხელფასების ზრდა 125 ლარით, სკოლის ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების ხელფასების 10%-იანი ზრდა“,- განაცხადა ხუციშვილმა.

დღეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.