პედაგოგებისთვის დეკრეტული შვებულების ანაზღაურების მოთხოვნა პარლამენტში და კომიტეტის პოზიცია

პუბლიკა

დღეს პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტზე იმსჯელეს პედაგოგის, თამარ ცანავას საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც პედაგოგებისთვის დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხს შეეხება.

კომიტეტმა მოქალაქის წინადადებას მხარი არ დაუჭირა იმ მოტივით, რომ პარლამენტში წარდგენილი 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი ისედაც ითვალისწინებს ხარჯებს იანვრიდან პედაგოგთა დეკრეტული შვებულების სრულად ანაზღაურების შესახებ.

რა თხოვნით მიმართა პედაგოგმა პარლამენტს 

მოქალაქე თამარ ცანავა პარლამენტისთვის წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაში წერს, რომ 12 წელია მუშაობს თბილისის 178-ე საჯარო სკოლაში.

როგორც ის ამბობს, სკოლაში მუშაობის პერიოდში გააჩინა ორი შვილი და ორივე შემთხვევაში დეკრეტული შვებულება აუნაზღაურა მხოლოდ სახელმწიფომ, ერთჯერადად 1000 ლარით.

„კანონში წერია,რომ საჯარო სკოლის მასწავლებლებს დეკრეტულ შვებულებას სკოლის დირექტორი უნაზღაურებს მხოლოდ მისი კეთილი ნების შემთხვევაში და სამწუხაროდ, ორივეჯერ დირექტორმა მითხრა, რომ სკოლის ბიუჯეტში არ იყო თანხა. არცერთი დირექტორი არასოდეს არ ანაზღაურებს საქართველოს მასშტაბით ამ დეკრეტულ შვებულებას.

მეორე ბავშვზე, ამის გამო სამ თვეში მომიწია სამსახურში დაბრუნება, რადგან შეუძლებელი იყო 1000 ლარად ორი შვილი გამეზარდა და იძულებული გავხდი ჩვილი ბავშვი დამეტოვებინა და სამსახურში გავსულიყავი.

მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას დროს, ბევრჯერ მქონდა მიმოწერა განათლების სამინისტროსთან და მინისტრიც გვპირდებოდა, რომ დეკრეტული შვებულება გახდებოდა ანაზღაურებადი, მაგრამ დანაპირები ისევ ისე დარჩა, მხოლოდ ვაშლების ბიზნესი ადარდებდა ბატონ მინისტრს.

რატომ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ მოგვეცეს საშუალება ის 6 თვე მივიღოთ ჩვენი კუთვნილი ხელფასი და მშვიდად გავზარდოთ ბავშვი. პირველი 6 თვე ხომ ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედის გვერდზე ყოფნა და ძუძუთი კვება,”- წერს პედაგოგი.

თამარ ცანავა ასევე ამბობს, რომ თვითონ დირექტორი რომ გავიდეს დეკრეტულ შვებულებაში, შეუძლია საკუთარ თავს აუნაზღაუროს დეკრეტული შვებულება, მასწავლებელს კი არა.

„ძალიან გთხოვთ, განიხილოთ ეს საკითხი და გაიტანოთ განსახილველად. უკვე ძალიან ბევრნი ვართ ახალგაზრდა პედაგოგები, ვისაც ნამდვილად ადარდებს საკუთარი შვილების მომავალი და იბრძოლებენ იმ უფლების დასაცავად, რომელიც კანონით ეკუთვნით.

დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე, მაშინ როცა მასწავლებლობა ერთ-ერთი მოწინავე პროფესიაა, აუცილებლად შეიცვლება ეს კანონი მასწავლებლის სასარგებლოდ და ისევ დირექტორების იმედად არ დაგვტოვებთ”, – წერს ის.

რას პასუხობს პარლამენტი პედაგოგს

დღეს ჯანდაცვის კომიტეტს უნდა ემსჯელა პედაგოგის საკანონმდებლო წინადადებაზე. ამ საკითხზე კომიტეტის აპარატის წამყვანმა სპეციალისტმა ჯაბა მიროტაძემ განაცხადა, რომ დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება არ არის საჭირო.

„ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ორსულობისა, მშობიარობის, ასევე ბავშვის მოვლის გამო მთელი ეს პერიოდი ანაზღაურდება შრომის ანაზღაურების სრული ოდენობით. ამისთვის საჭირო ხარჯები გათვალისწინებულია 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტში, რომელიც ინიციირებულია უკვე პარლამენტში. აქედან გამომდინარე ამასთან დაკავშირებით დამატებითი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება არ არის საჭირო”, – თქვა მან.

კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტი ახლა მსჯელობს და სულ მალე დაამტკიცებს ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს და იქ გათვალისწინებული იქნება პედაგოგებისთვის დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ზრდა.

კომიტეტის წევრებმა პედაგოგის საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირეს. 

არსებული კანონმდებლობით, საჯარო სკოლის პედაგოგები არ ითვლებიან საჯარო მოხელეებად და ისინი სკოლის მიერ დაქირავებული დასაქმებულები არიან. შესაბამისად, სრულად აუნაზღაურებს თუ არა დამსაქმებელი (სკოლის დირექტორი) დეკრეტულ შვებულებას პედაგოგს, ეს კონკრეტული საჯარო სკოლის ხელმძღვანელზეა დამოკიდებული.

საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლისთვის შვებულება 604 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 587 კალენდარული დღე. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე.

ამავე კოდექსის მიხედვით, ორსულობისა და  მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ჯამური ოდენობაა არაუმეტეს 1 000 ლარისა. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ აღნიშნული შვებულებების დამატებით ანაზღაურებაზე.

პედაგოგები წლებია, ითხოვენ დეკრეტული შვებულების შესახებ კანონმდებლობის გადახედვას. 2018 წელს პეტიციაც კი შექმნეს ამ მოთხოვნით.