პროკურატურის ინფორმაციით, მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე დაკავებულია 4 პირი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 პირის მიმართ.
უწყების ცნობით, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 3 მილიონამდე ლარს შეადგენს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ტურისტული კომპანიის „სმაილ თრეველ ჯორჯია-ს“ წარმომადგენლებმა, 2024-2025 წლებში, საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზების დაპირებით, ფიზიკური პირებისგან მასიურად მოახდინეს დიდი ოდენობით თანხის მობილიზება და 200-მდე დაზარალებულის კუთვნილი, დაახლოებით 1 მილიონი ლარი მოტყუებით მიისაკუთრეს ისე, რომ აღებული ვალდებულება არ შეასრულეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს ბრალდებულთა მიერ მოტყუებული სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისად დაზარალებულთა რაოდენობა და თაღლითურად დაუფლებული თანხების მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს.