სოცაგენტებისთვის გაიზარდა ფიქსირებული ანაზღაურება, ხელშეკრულების ვადაც გახანგრძლივდება - სამინისტრო

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეიდან სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 150 ლარით გაიზრდება და მათთის სამზგავრო თანხის სახით გამოყოფილი ანაზღაურება 250 ლარი გახდება.

უწყების ცნობით, 100 ლარით გაიზარდა უფროსი სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურებაც და 450 ლარის ნაცვლად ისინი 550 ლარს მიიღებენ.

რაც შეეხება ხელშეკრულებებს, მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის თქმით, 6 თვემდე გაიზარდება სოციალური აგენტებისთვის ხელშეკრულების ვადებიც, ხოლო წლის ბოლომდე სოციალური აგენტების ნაწილს 1-წლიანი, ნაწილს კი უვადო ხელშეკრულებები გაუფორმდებათ. აღნიშნული განპირობებულია მათი სამუშაო სტაჟიდან გამომდინარე.

„ცვლილებები შეეხო და გაიზარდა სოციალური აგენტების შვებულების, იძულებითი მოცდენისა და წახალისების ანაზღაურების ოდენობაც. ამ შემთხვევაში, სოციალური აგენტები ბოლო სამი თვის საშუალო ანაზღაურებას მიიღებენ. სოციალური აგენტები ფიქსირებული თანხის გარდა, დამატებით ხელფასს გამომუშვებით იღებენ, იმის მიხედვით, თუ რამდენ ოჯახში ანხორციელებენ ვიზიტს”, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მათი თქმით, აღნიშნული ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგია, რაც სხვა ცვლილებებთან ერთად სოციალური აგენტების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.


პროფესიული კავშირის „სოლიდარობის ქსელის“ წევრმა სოციალურმა აგენტებმა 29 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროში კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის მიხედვით, 3 დღით ადრე გაფიცვის შესახებ შეტყობინების განცხადება შეიტანეს.

მათი თქმით, გაფიცვას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გეგმავდნენ.

სოლიდარობის ქსელის წევრები და სოცაგენტები 29 ივნისს სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილით კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. თუმცა, მათი თქმით, შეხვედრაზე დასწრების საშუალება არ ეძლევათ პროფესიული კავშირის წარმომადგენელებს, იურისტებს. ამის გამო, ამ ფორმატში ისინი შეხვედრაზე უარს აცხადებენ.