სოცაგენტებმა სამინისტროში გაფიცვის შესახებ შეტყობინება შეიტანეს

პუბლიკა

პროფესიული კავშირის „სოლიდარობის ქსელის“ წევრმა სოციალურმა აგენტებმა დღეს ჯანდაცვის სამინისტროში კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის მიხედვით, 3 დღით ადრე, გაფიცვის შესახებ შეტყობინების განცხადება შეიტანეს.

მათი თქმით, გაფიცვა გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები. მათ მოთხოვნებს შორისაა:

1 – თქვენ მიერ შემოთავაზებული სატრანსპორტო ხარჯი – 200 ლარი – დაფიქსირდეს, რომ არის ხელფასიდან დამოუკიდებლად გამოყოფილი, როგორც სატრანსპორტო ხარჯი სოციალური აგენტებისთვის, ასევე უფროსი სოციალური აგენტებისთვისაც;

2 – დაწესდეს სავალდებულო ფიქსირებული ხელფასი, რომელიც სულ მცირე ქვეყანაში დათვლილი 1 ადამიანის საარსებო მინიმუმის ეკვივალენტია (200 ლარი ხელზე ასაღები). იგივე თანხა დაემატოს უფროსი სოციალური აგენტის ფიქსირებულ ხელფასს;

3 – დაიდოს უვადო შრომითი ხელშეკრულებები ყველასთვის, ვისაც შრომის კოდექსის მიხედვით უფასო ხელშეკრულება ეკუთვნის;

4 – რეგიონებში არსებული სერვისცენტრებში დასაქმებული სოცაგენტები და უფროსი სოცაგენტები უზრუნველყოფილნი იქნენ ტრანსპორტით;

5 – გაფორმდეს კოლექტიური ხელშეკრულება და ა.შ.

სოლიდარობის ქსელის წევრები და სოცაგენტები დღეს სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილით კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. თუმცა, მათი თქმით, შეხვედრაზე დასწრების საშუალება არ ეძლევათ პროფესიული კავშირის წარმომადგენელებს, იურისტებს. ამის გამო, ამ ფორმატში ისინი შეხვედრაზე უარს აცხადებენ.

„სამინისტრო და სააგენტო პროფესიულ კავშირებს არ გვაძლევს საშუალებას, რომ შევხვდეთ დამსაქმებლებს და ის ცდილობს, რომ კულუარული მოლაპარაკებებით მოაგვარონ ეს სიტუაცია.

დღეს მოვედით შეხვედრისთვის, უარი გვითხრეს პროფკავშირებს, შეხვედრაზე რომ შევსულიყავით. ჩვენ უკვე შეგვაქვს სამინისტროში განცხადება გაფიცვასთან დაკავშირებით, ვაცნობებთ 3 დღით ადრე, როგორც ამას კანონმდებლობა მოითხოვს“, – განაცხადა სოლიდარობის ქსელის იურისტმა დავით ომსარაშვილმა.


ომსარაშვილის განმარტებით, სოციალური აგენტების ხელფასი შედგება ფიქსირებული 80 ლარისგან და ამას ემატება გამომუშავებით დაანგარიშებული თანხა – თითოეულ შევსებულ დეკლარაციაზე სოცაგენტს დაახლოებით 4.4 ლარი ემატება. დავით ომსარაშვილი ამბობს, რომ ჯამში თვიურად სოციალური აგენტების საშუალო ანაზღაურება 400-500 ლარამდეა.

ომსარაშვილის თქმით, ის 90 სოციალური აგენტი, რომლებიც „სოლიდარობის ქსელის“ წევრები არიან, არიან როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.