მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, პროექტი ამოქმედდება 1 მარტიდან და იგეგმება 200 ათასამდე მოქალაქის დასაქმება.
ღარიბაშვილის თქმით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულ ადამიანებს სოციალური შემწეობა 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ და შესრულებული სამუშაოსთვის, დასაქმების შემთხვევაში, ყოველთვიურად 300 ლარს მიიღებენ. პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი ან არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები.
მისივე თქმით, სამუშაო ადგილების მობილიზება მუნიციპალიტეტებსა და სამინისტროებს დაევალათ. ღარიბაშვილის შეფასებით, აღნიშნული პროექტი დასაქმების პრობლემის მოგვარების გზაზე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
“ჩვენი პროგნოზით, სულ დასაქმდება 200 ათასზე მეტი ადამიანი. მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მოსარგებლის ოჯახს ოთხი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა. ის დახმარება, რასაც იღებს, მიიღებს ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ ამას არ შევეხებით. პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მიეცემა დამატებით 300 ლარი.
ანუ ერთი მხრივ, მიიღებენ სოციალურ დახმარებას, რაც ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება იყოს 400–500 ლარი, ზოგიერთ შემთხვევაში, 700-800 ლარიც და ამის შემდეგ კიდევ ზემოდან იქნება დამატებით სახელმწიფოსგან. მოსარგებლეს შემწეობა გაუგრძელდება მაშინაც, თუ იგი არ დათანხმდება არც ერთ შემოთავაზებას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება, რაც ვფიქრობ, სამართლიანია. რა თქმა უნდა, ამ დროის განმავლობაში მას შეუძლია, შეცვალოს გადაწყვეტილება და დასაქმების სააგენტოს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართოს. საზოგადოებრივი სამუშაოს მასშტაბური პროგრამა, ჩვენი ვარაუდით იქცევა უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად სიღარიბის დაძლევის გზაზე“, – განაცხადა პრემიერმა.