სოციალური მუშაკებისთვის გამოცხადებული ვაკანსია არალეგიტიმურია – სოციალურ მუშაკთა გაერთიანება

პუბლიკა

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ფეისბუქგვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“ სოციალურ მუშაკებზე ვაკანსიის გამოცხადებას გეგმავს.  გაერთიანების შეფასებით, კონკურსი არალეგიტიმურია და სოციალურ მუშაკთა გაერთიანების წევრები კონკურსის შესარჩევ კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო“ აპირებს გამოაცხადოს ვაკანსიები სოციალური მუშაკების პოზიციაზე. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ სისტემაში სოციალური მუშაკების დამატების საჭიროება არსებობს. 2020 წლის 28 თებერვალს, ჩვენმა პროფესიულმა კავშირმა მიიღო შეთავაზება, გავმხდარიყავით სოციალური მუშაკების შესარჩევი კონკურსის კომისიის წევრი.

ვინაიდან ახალ ზრუნვის სააგენტოს „შვილად აყვანისა და მინდობითი აღზრდის შესახებ“ კანონის თანახმად, ჰქონდა ვალდებულება საჭიროების შემთხვევაში უკონკურსოდ აეყვანა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი ყველა სოციალური მუშაკი და ამის საპირწონედ 2020 წლის 29 იანვარს 33 სოციალური მუშაკის დაუსაბუთებლად გათავისუფლება მოხდა. აღნიშნული კონკურსი არ მიგვაჩნია ლეგიტიმურად და უარს ვამბობთ მასში მონაწილეობაზე.“ –  ნათქვამია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების განცხადებაში.

2020 წლის იანვრის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრომ, რეორგანიზაციის მიზეზით, 28 სოციალური მუშაკი გაათავისუფლა თანამდებობიდან. სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ინფორმაციით, გათავისუფლებულთა რაოდენობა 33-ია.

გამოცხადებული რეორგანიზაციის სახელით, სოციალური მომსახურების სააგენტომ თანამდებობებიდან, მათი თქმით, 28 სოციალური მუშაკი გაათავისუფლა. სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ამბობს, რომ გათავისუფლებულია 33 თანამშრომელი. სოცმუშაკების გათავისუფლების მიზეზად უწყება რეორგანიზაციას ასახელებს.  გათავისუფლებისთვის კი ეს მიზეზი ბუნდოვანია და სააგენტოსგან დასაბუთებულ პასუხს მოითხოვენ –  კონკრეტულად რატომ, რის საფუძველზე  დაატოვებინეს სამსახური. გათავისუფლებულები თავიანთი უფლებებისთვის დავას სასამართლოში გეგმავენ.