უახლოეს მომავალში 50 ახალ სოციალურ მუშაკზე ვაკანსია გამოცხადდება - მინისტრი

პუბლიკა

მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე ტიკარაძემ სოციალური მუშაკების გათავისუფლების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სოციალური მუშაკები რეორგანიზაციის გამო გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან.  სამინისტროს ინფორმაციით, სულ გათავისუფლებულია 28 სოცმუშაკი.

„სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, უწყვეტად განაგრძობს შესაბამისი სერვისების მიწოდებას. ამასთან, სააგენტო უახლოეს მომავალში გეგმავს, გამოაცხადოს ვაკანსია 50 სოციალურ მუშაკზე. ამჟამად სამინისტროში ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა, რათა საბოლოო ჯამში, სოციალური მუშაკების საშტატო რაოდენობა 271-დან 350-მდე გაიზარდოს.

რეფორმის ფარგლებში, 2020 წლის 1 იანვრიდან, სოციალური მუშაკების ანაზღაურება გაიზარდა და საწყისი ხელფასი 1200 ლარს შეადგენს. უფროსი სოციალური მუშაკის ხელფასი კი 1400 ლარი გახდა“, – განაცხადა მინისტრმა.

გასულ კვირაში ჯანდაცვის სამინისტროში გამოცხადებული რეორგანიზაციის სახელით სოციალური მომსახურების სააგენტომ თანამდებობებიდან 28 სოციალური მუშაკი გაათავისუფლა. უწყება მიზეზად რეორგანიზაციას ასახელებს. გათავისუფლებულებისთვის კი ბუნდოვანია, რა ნიშნით მოხდა მათი შერჩევა. წინა კვირას სოცმუშაკთა პროფკავშირში გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთმა სოცმუშაკმა განაცხადა, რომ ის შეურაცხყოფილია ამ გადაწყვეტილებით და გეგმავს თავისი და სხვა გათავისუფლებული სოცმუშაკების ღირსება სასამართლოში დაიცვას.