სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოსახლებებზე მორატორიუმის დაწესების მოთხოვნას უერთდება

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) გამოსახლებებზე მორატორიუმის დაწესების მოთხოვნას უერთდება და სახელმწიფოს მოუწოდებს, „შეაჩეროს იძულებითი გამოსახლებები და, სულ მცირე, მინიმალური სტანდარტები გაითვალისწინოს ამჟამად უკიდურესად ხარვეზიან კანონმდებლობასა და პრაქტიკაში“.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გამოსახლება, მისი ინტენსიურობის გათვალისწინებით, უნდა განიხილებოდეს, როგორც უკიდურესი ზომა, როდესაც ყველანაირი ალტერნატიული ღონისძიება ამოწურულია და რომელიც თავის თავში გამოსახლებული ადამიანებისთვის ღირსეული საცხოვრისის შეთავაზებას გაითვალისწინებს.

მათი თქმით, გამოსახლებამდე, გამოსახლების დროს და მის შემდგომ ადამიანების სახელმწიფოსგან მხარდაჭერა არა სახელმწიფოს კეთილი ნება, არამედ ვალდებულებაა.

ორგანიზაცია ამბობს, რომ როგორც კანონმდებლობა, ისე პრაქტიკა გამოსახლებას დაქვემდებარებულ პირთა დაცვისა და მხარდაჭერის მინიმალურ მექანიზმებსაც კი არ იცნობს.

„გამოსახლებისა და უსახლკარობის პრევენციის ვალდებულება საერთოდ არ არის გათვალისწინებული რომელიმე სახელმწიფო უწყების (ცენტრალური თუ ადგილობრივი ორგანო) პასუხისმგებლობად და შეგვიძლია თქვათ, რომ ამ მიმართულებით პრევენციული პოლიტიკა ქვეყანაში საერთოდ არ არსებობს.

იმის ნაცვლად, რომ მთავრობამ და პარლამენტმა კოორდინირებულად იმუშაონ გამოსახლების კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამ სტანდარტებთან ჰარმონიზაციისთვის, სახელმწიფო საკუთარი მოწყვლადი მოქალაქეების მიმართ რეპრესიულ პოლიტიკას ირჩევს და სრულიად უგულებელყოფს სათანადო საცხოვრებლის უფლების დაცვის ვალდებულებას.

გამოსახლებებზე მორატორიუმის დაწესება სახელმწიფოს ვალდებულებაც კია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს ოჯახების უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოძევების პროცესი და დაინტერესებული მხარეების და ფართო საზოგადოების მონაწილეობით, დაიწყოს მუშაობა პრობლემის მოგვარების გრძელვადიან ხედვაზე, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს და უფლებებს სათანადოდ გაითვალისწინებს“, – ნათქვამია განცხადებაში.


თბილისში კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს ძალის გამოყენებით გამოასახლა. სადარბაზოსა და ბინაში შესასვლელად უწყების წარმომადგენლებმა კუთხსახეხი, ე.წ. ბარგალკა და რკინის სხვა ხელსაწყოები გამოიყენეს.

დღეს, 24 იანვარს კი კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება გადაიდო.

„გამოცხადდეს სასწრაფო მორატორიუმი ყველა ჩანიშნულ გამოსახლებაზე“ – ასეთია მოთხოვნა მოქალაქეებისა, რომლებიც გამოსახლების წინააღმდეგ მოძრაობაში ერთვებიან.