სოციალურმა აგენტებმა გაფიცვა დროებით შეაჩერეს

პუბლიკა

სოციალურმა აგენტებმა გაფიცვა დროებით შეაჩერეს, – ამის შესახებ „პუბლიკას” „სოლიდარობის ქსელის” იურისტმა, დავით ომსარაშვილმა განუცხადა. ისინი გაფიცვას ხვალიდან, 3 ივლისიდან, აპირებდნენ.

ომსარაშვილის თქმით, სააგენტოს მხრიდან არის შეთავაზება, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და მხარეები ამ ფორმატში დააყენებენ მოთხოვნებს.

„სოციალური აგენტების პოზიცია არის ასეთი, რომ აგვისტოს ბოლომდე გაფიცვა შეჩერდება. ვრჩებით საგაფიცვო პერიოდში აგვისტოს ბოლომდე. დაველოდებით სამუშაო ჯგუფის შედეგს. თუ აგვისტოს ბოლოს დავინახეთ, რომ არანაირი შედეგი არ არის, შემდეგ გავიფიცებით”, – ამბობს ომსარაშვილი.

მისივე თქმით, „მათ უნდა მიაღწიონ იმასაც“, რომ სამუშაო შეხვედრები მათთვის მისაღები ფორმატით გაიმართოს – მოლაპარაკებისას დაუშვან პროფკავშირის წარმომადგენელები და იურისტი.

როგორც ომსარაშვილი ამბობს, სააგენტოს მიერ შემოთავაზებული ოდენობით ხელფასის გაზრდა სოციალურ აგენტებს არ აკმაყოფილებს და „თუ აგვისტოს ბოლომდე ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას, მაშინ დღის წესრიგში ისევ დადგება გაფიცვა”.

მისივე თქმით, სამუშო შეხვედრებზე დააყებენ საკითხს როგორც ფიქსირებული ხელფასის გაზრდაზე, ასევე გამომუშავებით განკუთვნილი თანხის მომატებაზე.

ომსარაშვილი ამბობს, რომ ფიქსირებული ხელფასი უნდა იყოს 360 ლარი, საიდანაც 160 ლარი იქნება სატრანსპორტო ხარჯი. რაც შეეხება გამომუშავებით ასაღებ თანხას, ამ ეტაპზე ის კონკრეტულ რიცხვს ვერ ასახელებს, ვინაიდან, მისი თქმით, ეს კომპლექსური საკითხია, „მისი დათვლა არის ძალიან რთული და სამუშაო ფორმატში ვნახავთ, მათი მხრიდან რა შემოთავაზება იქნება”.


ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „სოციალურ აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება [100 ლარი] 150 ლარით გაიზარდა და შესაბამისად, მათთვის სამგზავრო თანხის სახით გამოყოფილი ანაზღაურების ოდენობა 250 ლარს შეადგენს”.

როგორც გუშინ „პუბლიკასთან” საუბრისას ომსარაშვილი ამბობდა, გარდა სატრანსპოტო ხარჯისა, სოცაგენტების ხელფასი უნდა განისაზღვროს საარსებო მინიმუმით მაინც და ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს რა არის სატრანსპორტო ხარჯი და რა არის ხელფასი.