სოციალურმა მუშაკებმა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს და მოითხოვეს, ხელმძღვანელობა შეხვდეს იმ სოციალურ მუშაკებს, რომლებსაც 1 იანვრიდან ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდება.
აქციაზე შეკრებილების თქმით, ხელმძღვანელობამ ამ ადამიანებს ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი უნდა აუხსნას.
თუმცა, უწყებამ სოციალური მუშაკების მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 10-მდეა იმ სოციალური მუშაკების რიცხვი, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველზე იყვნენ დასაქმებულები და რომლებსაც ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდება.
სოციალური მუშაკების თქმით, მათ 25 დეკემბერს ტელეფონით შეატყობინეს იმის შესახებ, რომ უწყება მათთან თანამშრომლობას წყვეტს.
ისინი უწყების ამ გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებისა და ქმედებების საწინააღმდეგო პოზიციებს უკავშირებენ.
„როცა მუშაობა დავიწყე, დამპირდნენ, რომ შეიქმნებოდა შტატი. ეს გადაწყვეტილება იყო მოულოდნელი, ვინაიდან არც სამმართველოს უფროსი და არც დეპარტამენტის უფროსი აღნიშნულთან დაკავშირებით არ ფლობდნენ ინფორმაციას. კითხვაზე, რის საფუძველზე ხდებოდა ჩემი გათავისუფლება, პასუხები იყო ბუნდოვანი. ჩემი მხრიდან არ ყოფილა რამე დისციპლინური გადაცდომა ან სამსახურეობრივი დარღვევა, რაც შეიძლება გამხდარიყო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
წინა დღეს, 24 დეკემბერს, დამეწერა დიდი რაოდენობის საქმე, რაც ავტომატურ რეჟიმში გულისხმობს იმას, რომ მე ამ საქმეებზე უნდა მემუშავა. ჩვენი სამუშაოს სპეციფიკა ითვალისწინებს ბენეფიციართან მუშაობას სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში, ვინაიდან ვმუშაობთ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით.
კითხვაზე, რატომ გამათავისუფლეს, დამსაქმებელი მეუბნება, რომ ხელშეკრულება შემიწყვიტეს, რაც აბსურდულია.
მე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ძალიან ღიად გამოვთქვამდი ჩემს მოსაზრებას სოციალურ ქსელში, ვარ პეტიციაზე ხელმომწერი, შესაბამისად, ძალიან დიდი ეჭვი და საფუძველია, რომ ესეც იყოს გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი”. – ეუბნება „პუბლიკას” სოციალური მუშაკი მარიამ სირაძე.
მისივე თქმით, იმ დეპარტამენტში, სადაც თვითონ ჯერაც მუშაობს, ზაფხულში, სოციალური მუშაკების მოთხოვნის საფუძველზე, 8 საშტატო ადგილი დაემატა.
„აიყვანეს 4 სოციალური მუშაკი და ახლა ამ 4-დან 2 გაგვათავისუფლეს. ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ვემსახურებით, რჩებიან მომსახურების გარეშე, იმიტომ, რომ საქმეები გადანაწილდება დარჩენილ თანამშრომლებზე და ისინი მათ ფიზიკურად ვერ გაუმკლავდებიან”. – ამბობს მარიამი.
პრობაციის სააგენტოს სოციალური მუშაკები მუშაობენ პირობით მსჯავრდებულებთან და განრიდებულებთან – როგორც სრულწლოვნებთან, ისე არასრულწლოვნებთან.
კონსულტანტი სოფო მუშკუდიანი აქცენტს კვალიფიციური სოციალური მუშაკების კრიტიკულ დეფიციტზე აკეთებს და ხაზს უსვამს, რომ ამის ფონზე პროფესიონალი ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება, პირველ რიგში, ბენეფიციარებს დააზიანებს.
„ეს არის დისკიმინაცია და რეპრესიები პოლიტიკური ნიშნით. ქვეყანაში, სადაც არის კვალიფიციური სოციალური მუშაკების დეფიციტი და ისინი ასრულებენ ზეგანაკვეთურ სამუშაოს, ამ დროს მოუოდნელად, ყოველგვარი არგუმენტების და წინაპირობის გარეშე ურეკავენ და ატყობინებენ, რომ იანვრიდან არ იქნებიან დასაქმებული სააგენტოში. ეს, პირველ რიგში, ზიანს აყენებს მომსახურების მიმღებს. სახელმწიფო მოქალაქეებს ეუბნება, რომ მათთვის სულ ერთია, მიიღებენ თუ არა მომსახურებას.
სოციალური მუშაკების უმთავრესი მიზანი დანაშაულის შემცირებაა. იმ ადამიანებთან, რომლებიც განრიდების პროგრამაში არიან ან პრობაციონერები არიან, სოციალური მუშაკები მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით, რათა მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია მოხდეს. ამ ადამიანებს ეს შესაძლებლობა აღარ ექნებათ”. – თქვა სოფო მუშკუდიანმა.
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა სოციალური მუშაკების განცხადებას, რომ მათ პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ, დეზინფორმაცია უწოდა და თქვა, რომ „თანამშრომლებს, რომლებიც სააგენტოში მოკლევადიანი ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებულნი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ეწურებათ 31 დეკემბერს, რის შესახებაც მათ წინასწარ აცნობა სააგენტომ”.
„ხაზგასასმელია, რომ ამ ცალკეული თანამშრომლებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მათი ხელშეკრულებების ვადა იწურებოდა 31 დეკემბერს და ამ ვადის ავტომატურად გაგრძელების იურიდიული ვალდებულებაც არ არსებობდა, რაც ყველა საჯარო დაწესებულებაში წლების განმავლობაში არსებული სტანდარტული კანონისმიერი პრაქტიკაა.
აღსანიშნავია, რომ მათ სრულად მიიღეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება და საახალწლო ფულადი ჯილდო”. – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.