სოციალური მუშაკები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ კოლექტიურ დავას იწყებენ.
სოციალურ მუშაკთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება” განაცხადა, რომ დავას სწორედ პროფკავშირი იწყებს წევრებთან შეთანხმებით.
საქმე ეხება უწყებიდან 4 სოციალური მუშაკისთვის ხელშეკრულების არგაგრძელებას – მათ კონტრაქტის ვადა 2024 წლის დეკემბრამდე ჰქონდათ და როგორც ამბობენ, შეთანხმების და სხვა გარემოებების საფუძველზე, 2025 წლის იანვრიდან უნდა გაგრძელებოდათ, თუმცა, 25 დეკემბერს ტელეფონით შეატყობინეს, რომ ეს არ მოხდებოდა და ისინი მუშაობას აღარ გააგრძელებდნენ.
უწყებიდან ჯამში 10-მდე ადამიანია გათავისუფლებული, მათ შორის, ფსიქოლოგები და მედიატორები.
„სოციალურ მუშაკთა გაერთიანება” აცხადებს, რომ „დასაქმებულებისთვის ეს შეტყობინება სრულიად უკანონოა, იქიდან გამომდინარე, რომ თავის მხრივ, თავიდანვე 4-თვიანი ხელშეკრულებები სოციალურ მუშაკებთან უკანონოდ გაფორმდა“.
პროფკავშირის ხელმძღვანელმა, სოფო ხვთისიაშვილმა ასევე განაცხადა:
„აზრს მოკლებულია და ალოგიკურია, გაათავისუფლო კვალიფიციური, შესაბამისი განათლების მქონე სოციალური მუშაკები და მათ აღარ მისცე მუშაობის შესაძლებლობა იმ ფონზე, როცა ქვეყანაში უკვე რამდენიმე წელია, თავად ეს უწყებებიც კი აცხადებს, რომ არსებობს სოციალურ მუშაკთა კრიტიკული დეფიციტი. თითქმის ყველა უწყება არათუ ჩამორჩება საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ რაოდენობას, რამდენი სოციალური მუშაკი უნდა მუშაობდეს 1 მოქალაქესთან, არამედ საქართველოში 2018 წელს მიღებული სოციალური მუშაობის კანონითაც, რომელიც ძალაში შედის 2025 წლის 1 იანვრიდან და გვეუბნება, რომ ყოველ 2 წელში მინიმუმ 50 კადრით უნდა გაიზარდოს ყველა იმ უწყებაში, სადაც სოციალური მუშაობა ხორციელდება”.
რაც შეეხება მოთხოვნებს, ისინი შემდეგია:
- ხელშეკრულების გაგრძელება გათავისუფლებული სოციალური მუშაკებისთვის – გაუფორმდეთ უვადო ხელშეკრულება პრობაციის სააგენტოში, რომ ეს არ გახდეს მანიპულაციის საბაბი და ადამიანებს განსხავავებული შეხედულებისა და პოზიციების გამო არ ჰქონდეთ შიში, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებენ.
- საქმეების ზღვრული რაოდენობის დაწესება – თანამშრომლებს უწევთ ძალიან დიდი მოცულობის საქმეებზე მუშაობა, რაც ზიანს აყენებს მათ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას. „ერთ ადამიანს უწევს 100-150 საქმეზე მუშაობა, ზეგანაკვეთური სამუშაო მათი ყოველდღიურობის ნაწილია. კანონმდებლობის შესაბამისად, დამსაქმებელმა დააწესოს საქმეების ზღვრული ოდენობა, რომლებზეც სოციალური მუშაკები ადეკვატურად შეძლებენ უფლებამოსილების განხორციელებას“, – ამბობს ხვთისიაშვილი.
- ხელზე ასაღები ხელფასი განისაზღვროს 2500 ლარით – ხვთისიაშვილის თქმით, „ხელფასი არის სრულიად შეუსაბამო სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობასა და მოვალეობებთან“.
- ზეგანაკვეთური სამუშოს ანაზღაურების ტარიფი განისაზღვროს საათობრივი ანაზღაურების 1,5-ჯერ გაზრდილი ოდენობით და პროფკავშირთან შეთანხმებით განისაზღვროს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი.
„სოციალურ მუშაკთა გაერთიანება” ასევე ითხოვს, რომ შრომის კოდექსის შესაბამისად, მედიატორი გამოიყოს შრომის სამინისტროდან.
სოფო ხვთისიაშვილის თქმით, მოთხოვნების შესახებ განცხადება უკვე შეტანილია იუსტიციის სამინისტროში.
გარდა ამისა, სხვა ორგანიზაციის, „სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა, სოფო მუშკუდიანმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ითხოვს განმარტებებს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსგან და ხაზს უსვამს ვარაუდს, რომ კვალიფიციური სოციალური მუშაკების ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის საფუძველი პოლიტიკურია.
„ეს გადაწყვეტილება [ხელშეკრულებების არგაგრძელება] შეუსაბამოა ქვეყანაში მიმდინარე სოციალური მუშაობის საკადრო დეფიციტის შევსების პოლიტიკასთან. გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ განმარტეს, რომ პროფესიის განვითარების აუცილებლობა ითხოვს საკადრო დეფიციტის შევსებას.
ამ მიზნით 2022 წლამდე გაგრძელდა სერტიფიცირების არასასურველი პროცესი, რომელიც პროფესიული თემის წინააღმდეგობის მიუხედავად, ხორციელდება სოციალური მუშაობის უმაღლესი პროგრამების პარალელურად და ახდენს პროცესის დევალვაციას.
გაუგებარია, რატომ არ გაუგრძელდათ სერტიფიცირებულ და პროფესიონალ სოციალურ მუშაკებს ხელშეკრულება და ვინ იქნება პასუხისმგებელი მომსახურების მიწოდების უწყვეტობაზე იმ პირებისთვის, ვისაც ეს სოციალური მუშაკები ემსახურებოდნენ.
ჩნდება ეჭვი, რომ სოციალური მუშაკების დისკრიმინაცია ხდება პროფესიული ნიშნით“, – თქვა სოფო მუშკუდიანმა.