დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკი, ანა ენდელაძე ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელად 2025 წლიდან უწყება ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებს.
ენდელაძეს, რომელიც ქუთაისში მუშაობს და მისივე თქმით, არის ერთადერთი სოციალური მუშაკი პრობაციის არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში, ამის შესახებ ტელეფონით აცნობეს.
ანა ენდელაძე „პუბლიკას” უყვება, რომ ქუთაისში სექტემბრიდან მუშაობს – ამ ქალაქში ის თბილისიდან გადავიდა. მისი ხელშეკრულებას ვადა 31 დეკემბერს გასდის.
„რეგიონებში ზოგადად ცუდი მდგომარეობაა და ჩავთვალე, რომ აქაც რაღაც უნდა გაკეთებულიყო, შემოთავაზებას დავთანხმდი, ჩამოვედი და დავსაქმდი ქუთაისში. რა თქმა უნდა, არ იყო შეთანხმება, რომ მე დროებით, 3 ან 4 თვით ვიმუშავებდი.
თუმცა, როგორც კი დასრულდება ხელშეკრულება 31 დეკემბერს, დამირეკეს და მითხრეს, რომ მას არ გააგრძელებდნენ. არანაირი წერილობით განცხადება არ მიმიღია. არც წინაპირობა მქონია, რომ რამე შენიშვნა მოეცათ ან ჩემი მუშაობა არ მოსწონებოდათ. მსგავსი ინფორმაცია ჩემამდე არ მოსულა“. – ჰყვება ანა ენდელაძე.
მისივე თქმით, იკითხა ხელშეკრულების გაუგრძელებლობის მიზეზიც, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.
„მითხრეს, რომ არ აქვთ ამაზე ინფორმაცია და მიმემართა ჩემი უშუალო უფროსისთვის. თუმცა დღემდე გაურკვეველია, რატომ მათავისუფლებენ სამსახურიდან. მითხრეს, რომ ადმინისტრაციიდან მირეკავდნენ. ეს იქნებოდა დანაშაულის პრევენციის ცენტრის ადმინისტრაცია.
როცა ადამიანს სამსახურიდან ათავისუფლებ და არ გინდა მასთან თანამშრომლობა, საამისოდ ობიექტური მიზეზები უნდა არსებობდეს, რომ მე ჩემს პროფესიულ მოვალეობას თავი ვერ გავართვ ან არ ვიცი, წინასწარ უნდა ვყოფილიყავთ შეთანხმებულები, რომ მე მხოლოდ 3-4 თვე უნდა მემუშავა. თვითონაც ვერ მისახელებენ კონკრეტულ მიზეზს”. – ამბობს ანა ენდელაძე და დასძენს, რომ მისი ხელშეკრულების შეწყვეტა „საეჭვოდ დაემთხვა ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს”.
„საპროტესტო აქციებზე თბილისში ვერ გავედი, ქუთაისში ვცხოვრობ. მაგრამ პროტესტს გამოვხატავდი, ვაზიარებდი [„ფეისბუქზე”], ასევე ხელი მოვაწერე სოციალური მუშაკების განცხადებას და ხელმოწერით გამოვხატე ჩემი აზრი, რომ ვემიჯნები [„ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას]”. – ამბობს ანა.
კიდევ ერთი სოციალური მუშაკი, რომელსაც 1 იანვრიდან ხელშეკრულებას არ გაუგრძელებენ, მარიამ სირაძეა.
„გათავისუფლებული სოციალური მუშაკებიდან ერთ-ერთი მათგანი ვარ მე!
თქვენც ხო ხვდებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩემს კომპეტენციას ან ჩემი მხრიდან რაიმე სახის სამსახურებრივ/დისციპლინურ გადაცდომას არ უკავშირდება??
უფრო ვრცლად ამ დღეებში ვისაუბრებ.
ინფორმაცია ჩემი მხრიდან ზიარდება მათთვის, ვისაც ჰგონია რომ ქვეყანაში ყველაფერი დალაგებულად გვაქვს“. – დაწერა მან „ფეისბუქზე“.
„სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ ამბობს, რომ ინფორმაცია აქვს რამდენიმე სოციალურ მუშაკზე, რომლებსაც დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში რამდენიმე სოციალურ მუშაკს დაურეკეს, რომ 2025 წლიდან აღარ უგრძელებდნენ შრომის ხელშეკრულებას და თავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობიდან.
ორგანიზაციის ცნობით, გათავისუფლებულთა შორის არის ფსიქოლოგიც.
„სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ მიუთითებს, რომ ეს გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან „ამ დრომდე დეპარტამენტისა და სამმართველოს უფროსების მხრიდან ეს თემები არ განხილულა, სოციალურ მუშაკებს ჩვეულ რეჟიმში ეწერებოდათ საქმეები და აგრძელებდნენ მუშაობას”.
გარდა ამისა, ორგანიზაციის ცნობით, ქვეყანაში კვალიფიციური სოციალური მუშაკების კრიტიკული დეფიციტია, „რის გამოც ხშირად დასაქმებულებს უწევთ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება პირადი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის ხარჯზე”.
„ჩვენ უკვე წლებია ვხედავთ, როგორ ვერ აცნობიერებენ დამსაქმებლები სოციალური მუშაობის საჭიროებას საზოგადოების დახმარების, დაცვისა და განვითრების პროცესში. არაერთი რეორგანიზაცია გვინახავს, რომლის დროსაც სოციალური მუშაკები დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს, რითაც ზიანი მიაყენეს როგორც დასაქმებულებს, ისე სფეროსა და ბენეფიციარებს.
ამჯერადაც ვხედავთ სრულიად გაუმართლებელ პროცესს და გვაქვს ეჭვი, რომ ამჯერად პოლიტიკური შეხედულებების გამო ათავისფულებენ კვალიფიციურ კადრებს. ჩვენი პროფესიული კავშირი და სრულიად პროფესიული თემი წინ აღვუდგებით ამ უსამართლობას და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტსა თუ სოლიდარობის სხვადასხვა აქტს!
საზოგადოებას რეაგირების შემდგომი ნაბიჯების შესახებ ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას”. – აცხადებს ორგანიზაცია.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს.
უწყებაში გვითხრეს, რომ 10-მდე თანამშრომელს არ გაუგრძელდება ხელშეკრულება. ამასთან, უარყვეს, რომ გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
„ეს ხელშეკრულებები არის ერთწლიანი. წლის ბოლოს შეწყდა და 10-მდე თანამშრომელს არ გაუგრძელდება ხელშეკრულებები. მიზეზი ბევრი შეიძლება არსებობდეს. სხვა ყველაფერი ხელმძღვანელობის კომპეტენციაა. ხელშეკრულება რომ წყდება, ის გაგრძელდება თუ არა, ხელმძღვანელის გადასაწყვეტია, ცხადია”. – გვითხრა უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა.